მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩიკვაიძის საქმე სამოქალაქო დავიდან პოლიტიკურ სისხლისსამართლებრივ დევნად გადაიქცა - TI

ჩიკვაიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, გიორგი ჩიკვაიძის პოტენციურად სამოქალაქო დავა პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნად გადაიქცა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების ამოქმედება წარმოადგენს ამ მექანიზმებისა და მთლიანად სამართალდამცავი/მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას.

„უკანასკნელი ხანების ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის სისხლისსამართლებრივ დევნას ეხება, პოტენციურად სამოქალაქო დავაა, რომელშიც არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა. სამართალდამცავ სისტემაში კორუფციულ-ნეპოტისტურ ინტერესებთან ერთად, ამ საქმეში იკვეთება, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი.

რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის ვრცელი ანალიზი, სადაც, სხვა გარემოებებთან ერთად, მივუთითებდით იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენა ივანიშვილმა, თავისი პირადი ფინანსური ინტერესების რეალიზაციის მიზნით, მის კონტროლს დაქვემდებარებული პროკურატურა და მართლმსაჯულების სისტემა თავის ყოფილ ხელქვეითთან თუ დაახლოებულ პირთან არსებითად სამოქალაქო ხასიათის დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტებად. გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი ასეთი შემთხვევაა, თუ როგორ გარდაიქმნება პროცესის ბოროტად გამოყენების შედეგად პოტენციურად სამოქალაქო დავა სისხლისსამართლებრივ დევნად.

სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს. Pacta sunt servanda. ეს პრინციპი, ცხადია, გიორგი ჩიკვაიძეს და მის კომპანიასაც ეხება. არ არის სადავო, რომ ჩიკვაიძის საწარმომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ვერ შეასრულა. რატომ ვერ შეასრულა, რა ფაქტორებმა შეუშალა მას ხელი და უნდა დაჰკისრებოდა თუ არა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მას პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი უნდა გაერკვია სამოქალაქო სასამართლოს.

თუმცა პრობლემა ის არის, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვა გზა აირჩია. არის ნიშნები იმისა, რომ იგი ცდილობს საკუთარი კორუფციულ-ნეპოტისტური კავშირებისა და ამ საქმის მიმართ რეჟიმის პოლიტიკური ინტერესის შეხამებას და სათავისოდ გამოყენებას. მთავარი პრობლემა კი ისევ და ისევ არალეგიტიმური რეჟიმის ხასიათშია, რომლისთვისაც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენება მისი პოლიტიკური, სტრატეგიული, ფინანსური, კორუფციული თუ სხვაგვარი ინტერესებისათვის მისი არსებობის აუცილებელი ფაქტორი გახდა.

გიორგი ჩიკვაიძის საქმე არსებითად სამოქალაქო ხასიათისაა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი სამოქალაქო დავის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხილულიყო.

გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების ამოქმედება წარმოადგენს ამ მექანიზმებისა და მთლიანად სამართალდამცავი/მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას.

სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მოტივი, დიდი ალბათობით, ორგვარია: ერთი მხრივ, იკვეთება გიორგი ჩიკვაიძის მოწინააღმდეგე მხარის კორუფციულ-ნეპოტისტური ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, რომ ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

ჩიკვაიძემ შიმშილობა სწორედ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით 7 დღის წინ შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები