დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას უვიზოდ შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ჩინეთთან რეგულარული ფრენების დამატების საკითხიც განიხილება.
“გვინდა, დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენა ჩინეთთან, ასევე მეტი ტურისტი გვინდა ჩამოვიდეს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც”, - განაცხადა ღარიბაშვლმა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში დღეში ფრენების მინიმუმ 10-მდე გაზრდაა.
„ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან“ პირდაპირი ფრენების ზრდაზე და სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. მივიღეთ შეთანხმება, რომ მალე ჩინეთთან დღეში, მინიმუმ, 1 ფრენა გვექნება, მაგრამ ჩვენი ამბიცია უფრო მეტია - პირდაპირ გეტყვით, დღეში შეიძლება 10-მდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც იქნება შესამჩნევი და ხელშესახებ შედეგს მოიტანს ეკონომიკური თვალსაზრისით.
გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება, რათა ტურისტული დანიშნულების ქვეყანა - საქართველო ჩინეთში გახდეს უფრო პოპულარული. ვიმუშავებთ ჩინელ პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ უფრო მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული კამპანიები გვქონდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დღეის მდგომარეობით საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ერთი ავიაკომპანია China Southern Airlines ასრულებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავიაკომპანიაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით კვირაში სამ რეისზე აქვს ფრენის ნებართვა გაცემული.
პანდემიის დაწყებამდე China Southern Airlines პეკინსა და თბილისს შორის ფრენებს ქალაქ ურუმჩის გავლით ახორციელებდა. ავიაკომპანიამ ქართულ ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით განაახლა, თუმცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე China Southern Airlines კვირაში სამჯერ ასრულებს ფრენებს.