დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული სატარიფო მუქარის მიუხედავად, ჩინეთის ხელისუფლებამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.
როგორც ოფიციალურ პეკინში განმარტეს, ორ აზიურ ქვეყანას შორის ვაჭრობა “სრულიად ლეგიტიმური და სამართლიანია”.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეფასებით, ჩინეთი და რუსეთი ვაჭრობას თანასწორობის პრინციპს ემყარება და მხარეები ორმხრივ სარგებელს ნახულობენ.
ჩინეთის პირველმა დიპლომატმა კატეგორიულად უარყო ბრალდება, რომ ჩინეთი რუსეთისაგან ნავთობს კრემლის საბრძოლო მანქანის გასაძლიერებლად ყიდულობს. ამასთან, ვან იმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა არავითარ საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმება არ არღვევს.
ოფიციალური პეკინის განმარტებით, ენერგოუსაფრთხოების მიღწევა და ეკონომიკური სტაბილურობის დამყარება ქვეყნის ზოგადი სტრატეგიის ნაწილია და ხელისუფლება ამ პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს. მეტიც, ვან ის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთის გადასაწყვეტია, თუ ვინ იქნება მისი სავაჭრო პარტნიორი.




























