მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი მონაცემთა ცენტრების წყალქვეშ მშენებლობას იწყებს

ჩინეთი

ჩინეთში მსოფლიოში პირველი წყალქვეშა კომერციული მონაცემთა ცენტრების მშენებლობა დაიწყო, რომლებიც შანხაის სანაპიროდან 10 კმ-ის დაშორებით, ოკეანეში განთავსდება. პროექტი, რომელსაც კომპანია Hailanyun ახორციელებს, მიზნად ციფრული ინფრასტრუქტურის მზარდი ენერგომოხმარების შემცირებას და მდგრადი გადაწყვეტილებების გამოცდას ისახავს - წერს Live Science.

მონაცემთა ცენტრი სერვერების გასაგრილებლად ოკეანის ბუნებრივ სიგრილეს იყენებენ. ზღვის ცივი წყალი სერვერების თაროებზე დამაგრებულ რადიატორებში მიედინება, რაც ტრადიციულ გაგრილების სისტემას ანაცვლებს, რომელზეც, თავის მხრივ, ელექტროენერგიის მოხმარების ძირითადი ნაწილი მოდის. წინასწარი შეფასებით, აღნიშნულ მეთოდს ელექტროენერგიის მოხმარების სულ მცირე 30%-ით შემცირება შეუძლია, ხმელეთზე განთავსებულ ობიექტებთან შედარებით. გარდა ამისა, ელექტროენერგია, რომლითაც წყალქვეშა დატა ცენტრი მომარაგდება, თითქმის სრულად, 94%-ით, ქარის ოფშორული ელექტროსადგურიდან გენერირდება.

პროექტის განვითარების პირველ ფაზაში 198 ასეთი რადიატორი განთავსდება, რაც ხელოვნური ინტელექტის 400-დან 800-მდე სერვერის გასაგრილებლად იქნება საკმარისი. სრულად ამოქმედების შემდეგ, რის თარიღადაც სექტემბერიც კი განიხილება, ცენტრი საკმარისად ძლიერი იქნება ChatGPT 3.5-ის ტიპის მოდელთან გასამკლავებლად.

ჩინეთის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა Microsoft-ის ადრინდელი ექსპერიმენტი: 2018 წელს „Project Natick“-ის ფარგლებში ჩატარებული ტესტირება შოტლანდიის სანაპიროსთან. კომპანიის წყალქვეშა კაფსულაში 800 სერვერი იყო მოთავსებული და შედეგებმა აჩვენა, რომ მსგავსი სისტემა ენერგოეფექტური და საიმედო შეიძლება ყოფილიყო. თუმცა Microsoft-მა პროექტი კომერციულად არ განახორციელა. ჩინეთმა კი 2022 წლის ბოლოს, ჰაინანის სანაპიროსთან პილოტური ტესტიდან სრულმასშტაბიან კომერციალიზაციამდე, 30 თვეზე ნაკლებ დროში მიაღწია.

შანხაის პროექტი შესაძლოა გლობალური ტენდენციის საწყისი გახდეს. სამხრეთ კორეა მსგავს სისტემებს უკვე იკვლევს, ხოლო იაპონია და სინგაპური კი მჩერალდებული პლატფორმების იდეას განიხილავენ. ფართო მასშტაბზე გადასვლა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაუმკლავდებიან ქვეყნები გარემოსდაცვით მოთხოვნებს, რეგულაციებსა და მიწოდების ჯაჭვების სანდოობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები