ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო - მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა ორ ქვეყანას შორის გამართულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ორმხრივ ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გააჩინა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ.
„მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა“, - აღნიშნა ხან ჭენგმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებზეც და განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობისა და ქვეყნების განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მისი შეფასებით, ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, საინვესტიციო სფეროები კი მუდმივად ფართოვდება.
„მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ამავდროულად, ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა“, - განაცხადა მან.
ხან ჭენგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინური მხარე მზადაა, შეიძინოს კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ხელი შეუწყოს ვაჭრობის ოპტიმიზაციას და მხარი დაუჭიროს ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და საქმიანობის გაფართოებაში.
























