ჩინეთი ქართული ჩაის განვითარებაში ნახევარი მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ჩინური მხარის გეგმებზე და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტზე „ბიზნესკონტრაქტთან“ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე საუბრობს:
- მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში უდიდესი რაოდენობით ჩაი იწარმოება, მისი მოთხოვნილების მხოლოდ 70%-ს აკმაყოფილებს და ჩაის 30% დღეს ჩინეთს იმპორტირებული აქვს. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველო ჩაის დაახლოებით 95% მთელ საბჭოთა კავშირს აწვდიდა და მსოფლიოში სიდიდით დაახლოებით მე-4 თუ მე-5 ადგილზე იყო, როგორც ჩაის მწარმოებელი ქვეყანა. დღესდღეობით სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რაც გარკვეულად სოციუალურად მძიმე ეფექტსაც იწვევს. მთელი რიგი რეგიონები აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთის ნაწილიც ამ კულტურაზე იყო მთლიანად დამოკიდებული.
-უფრო დეტალურად გვითხარით, რა ნაბიჯები გადაიდგა და რა გეგმები გაქვთ?
-პროექტი გულისხმობს საქართველოში დაახლოებით 11-15 ჰექტარის ტერიტორიაზე ჩაის კულტურის რეაბილიტაციას. ეს ძირითადად ის ტერიტორიები, სადაც დღესდღეობით ჩაი არის, თუმცა იგი ფაქტიურად გაველურებულია, მოვლილი არ არის და გარკვეული სამუშაოების შემდეგ მისი აღდგენა, განვითარება და აღორძინება შესაძლებელი იქნება. ასევე ახალ ჯიშებს შემოიტანენ. შესაბამისი ტექნიკა უნდა შემოვიდეს საქართველოში. პროექტი 15 წლიან პროგრამას გუსლიხმობს და პროექტში ამ პერიოდში ჩინეთის მხრიდან დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების პირობა დევს. ჩვენი მხრიდან კი, რა თქმა უნდა, გარკვეული ვალდებულებებია ამ დოკუმენტში გაწერილი.
-თანხობრივად რამდენია ეს ვალდებულებები საქართველოს მხრიდან?
- ინვესტირებაა მათი მხრიდან თანხობრივად 500 მილიონია, ხოლო საქართველოს მხრიდან გარკვეული პორეფერენციებია ამ დარგის განვითარებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ გარკვეული პრიორიტეტები უნდა დაუშვას. ეს იქნება მაგალითად, საგადასახადო სფერო, ამ ტერიტორიების გამოყოფა, გზების მიყვანა, ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს საქართველოს ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს ზურგზე, იმიტომ რომ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებია ამ ქვეყანაში და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თანხობრივად ამ პროექტში რაც შეიძლება ნაკლები ჩავდოთ. გავიმეორებ, რომ ჩინეთის მხარე 15 წლიანი პროგრამით ითვალისწინებს 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას, საქართველოს მხარე კი მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებით, ტერიტორიების გამოყოფით, ინფრასტრუქტურის შექმნითა და შესაბამისი საგადასახადო პირობების შექმნით თუ გარკვეული ლიბერალიზაციით შემოიფარგლება.
-როდიდან დაიწყება აღნიშნული პროგრამის განხორციელება?
-ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა ახლა დავიწყეთ. ასეთი დიდი პროექტი ერთბაშად ვერ გადაწყდება. ჩვენ ეს პროექტი სოფლის სამინისტროსთან ერთად უნდა გავიტანოთ და ამ თემაზე დეტალურად დავიწყოთ მუშაობა და ჩვენი მხრიდან დავხვეწოთ, ასევე ჩინურ მხარესთანაც სერიოზული სამუშაოა, იმიტომ რომ ნახევარი მილიარდი სერიოზული თემაა. მართალია 15 წელზე იქნება გაჭიმული, მაგრამ ინვესტორიც სხვადასხვა იქნება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე კომერციული სტრუქტურები. ეს ჯერჯერობით მხოლოდ პროექტია, რომელიც საქართველოში ამ უდიდესი ჩაის კულტურის განვითარებასა და აღორძინებას ითვალისწინებს, რომელშიც საქართველო უკვე საუკუნეზე მეტია ჩართულია და ამის დიდი გამოცდილება ტრადიცია აქვს. აღნიშნულმა პროექტმა გარკვეულად უნდა შეცვალოს ის სოციალური პრობლემები, რომელიც დასავლეთ საქართველოში ამ დარგის ასე მძიმე მდგომარეობაში მიყვანამ გამოიწვია.
-სოციალურ პრობლემებში უპირველესად, დასაქმება იგულუსხმება, დათვლილი თუ გაქვთ ამ 15 წლის განმავლობაში დაახლოებით რამდენი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს?
-არ მინდა პოპულიზმში გადავიდე და აღვნიშნო, რომ 15 წლის განმავლობაში ამდენი ადამიანი დასაქმდება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში 500 მილიონის ინვესტირება უნდა განხორციელდეს და პროდუქცია შეიქმნას, რომლის მყიდველიც უკვე ვიცით პირობითად. პროექტის განხორციელებამ არა მხოლოდ დარგის განვითარება უნდა გამოიწვიოს, არამედ დარგთან მიახლოებული ტექნოლოგიების: გადამამუშავებელი, დამფასოვებელი საწარმოების, ეს არის ამ დარგის მთელი ლოჯისტიკა და ა.შ. ასეთ დროს ძნელია რამე ციფრი გითხრათ, რომ 15 წელიწადში ამდენი ადამიანი დასაქმდება. რამდენი იქნება ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. არავის მიეცეს იმის შტაეჭდილება და იმის ილუზია, რომ ახლა უკვე არსებობს დაწყებული, გამზადებული პროექტი, შეთანხმებას ხელი აქვს მოწერილი და ხვალ უკვე ნიჩაბს ვიჭერთ ხელში, ვსხდებით ტრაქტორზე და ვიწყებთ ამ საქმეს, არა ასე არ არის. ამაზე ვმუშაობთ და ის, რომ ჩინეთის მხარემ ამხელა საკითხი ასე გაააქტიურა, ასე ახლოს მიიღო და გაისისხლხორცა ეს უკვე ძალიან კარგია. საქართველო ჩინეთის, მათი ლაბორატორიებისა და ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ჩაის მოყვანა შეიძლება. ანუ ის ყველაფერს იზიდავს, მძიმე მეტალებს, გამონაბოლქვებს, რადიაციულ ელემენტებს. დასკვნებმა აჩვენა, რომ ქართული ჩაი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
-ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირანული ბიზნესიც არის დაინტერესებული ჩაის წარმოებით აჭარაში. ამ მიზნით აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ირანის ისლამური რესპუბლიკის გილანის პროვინციის წარმომადგენლები, მათ შორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ირანული ბიზნესი ამბობს იმას, რომ ისინი ქართული ჩაის წარმოებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ისინი ამ მხრივ, ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობას ხედავენ. ევროკავშირის ბაზარი და ხელშეკრულება გახდა თუ არა ერთ-ერთი მოტივაცია რატომაც ჩინური მხარე ქართული ჩაით დაინტერესდა?
-ჩვენ საპარტნიორო ფონდი ირანელებთან ამ თემაში ჩართულები არ ვართ და ჩვენ მათთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვქონია, თუმცაღა ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც საქართველოში შემოსვლის და ინვესტიციების ჩადების სურვილი აქვს კარგ საქმეში მივესალმები. ფაქტი ერთია, რომ ქართულ ჩაის სახელი ქონდა, რაც დღეს ცოტა მიჩქმალულია და ეს ჩვენ უნდა წამოვწიოთ. ბაზარს რაც შეეხება, ეს ბაზარი იქნება ევროპული, ირანული, ჩინური თუ კიდევ სხვა ეს კონკურენციის საკითხია. მთავარის ჩვენ მსოფლიოში კონკურენტუნარიანი პროდუქცია შევქმნათ. კარგი იქნება და მივესალმები თუ ირანელებიც ამ თემაში ჩაერთვებიან.

























