ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, ქვეყნის უმსხვილეს სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ოდენობის კაპიტალის ინექცია განხორციელდება.
მთავრობის წარმომადგენლობის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისა და ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით, სახელმწიფო ინსტიტუტები, ფინანსთა სამინისტროსა და თამბაქოს სახელმწიფო კორპორაციის ჩართულობით, კაპიტალს 3 სახელმწიფო ბანკსა და 5 სადაზღვევო ჯგუფში გადაანაწილებენ.
როგორც ირკვევა, კაპიტალის შევსების ფარგლებში ქვეყნის უმსხვილესი კრედიტორები, Agricultural Bank of China და ICBC, აქციების დახურული განთავსებით შესაბამისად $23.8 მილიარდისა და $14.9 მილიარდის მოზიდვას გეგმავენ. ამასთან, Export-Import Bank of China პირდაპირი წესით $4.5 მილიარდს მიიღებს.
სადაზღვევო სექტორში China Life Insurance-ს $5.2 მილიარდი გამოეყოფა, China Taiping Insurance $1 მილიარდზე მეტს მიიღებს, ხოლო PICC აქციების განთავსებით $2.2 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. გარდა ამისა, სახელმწიფო საექსპორტო სადაზღვევო კორპორაცია Sinosure $1.5 მილიარდს მიიღებს, ხოლო China Reinsurance Group-ი $447 მილიონის კაპიტალს მოიზიდავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ნაბიჯი გასულ წელს ოთხ მსხვილ სახელმწიფო ბანკში განხორციელებული $74.5 მილიარდის ინექციისა და მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული $44.7 მილიარდის სპეციალური ობლიგაციების ემისიების გაგრძელებაა.
მთავრობის ჩარევის მიზეზს რაც შეეხება, საკრედიტო განაკვეთების შემცირების პოლიტიკის გამო, ჩინურ საბანკო სექტორში წმინდა საპროცენტო მარჟა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ამასთან, სესხებზე სუსტი მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას აფერხებს, რაც საბანკო სექტორის მომგებიანობაზეც უარყოფითად აისახება, სწორედ ამიტომ მთავრობა ბაზრის დახმარებას ცდილობს.




























