პროექტის მიხედვით, თელავსა და სენაკში ფსიქიატრიული საავადმყოფოები უნდა აშენდეს. თითოეული საავადმყოფოს სამშენებლო ფართი ორ ქვეყანას შორის, “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად მოხდება და დაახლოებით 2230 კვ.მ. იქნება.
თითოული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ განყოფილებას, კრიზისული ინტერვენციის განყოფილებას, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურების განყოფილებას, სტაციონარულ განყოფილებას 30 საწოლზე, საოფისე და აპარატურის ოთახებს და აღჭურვილი იქნება სათანადო დამხმარე მოწყობილობითა და აპარატურით.
ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე, უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობის და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის საჭირო რაოდენობის ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე უზრუნვეყოფს დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რაც მოიცავს დამონტაჟებასა და დატესტვას.
ძი იანჩისათვის მიწერილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველო პროექტის ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში. უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე მიწის ზედა და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟი და სამშენებლო ობიექტების გაწმენდა. ასევე საქართველოს მთავრობა დაეხმარება ჩინელ ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში.

























