30 აგვისტოდან ჩინეთი საკუთარ საზღვრებში მოგზაურებისთვის კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფით პასუხს აღარ მოითხოვს. ამ გადაწყვეტილების მიზანი ქვეყანაში 2020 წელს დაწყებული კოვიდრეგულაციების დასრულებაა - წერს საერთაშორისო მედია.
ცვლილების შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა დღეს, 28 აგვისტოს განაცხადა.
ჩინეთმა “ნულოვანი კოვიდის” პოლიტიკა გასულ დეკემბერს დაასრულა, მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ვირუსით ინფიცირებულებისათვის ხანგრძლივი კარანტინი და არაერთი შეზღუდვა იყო დაწესებული. ამასთან ერთად, ჩინეთში მოგზაურობის მსურველებს რამდენიმე კვირით სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სასტუმროებში საკარანტინე ვადის გასვლამდე უწევდათ დარჩენა.
შეზღუდვებმა ჩინეთის ეკონომიკური განვითარება შეაფერხა და უმუშევრობის დონე გაზარდა.