მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩინეთიდან ბალტიისპირა ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვის მოთხოვნა გაჩნდა, რაც საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა” - ასოციაცია

ტრაილერი

სატრანზიტო ნებართვების კვოტის ზრდაზე სახელმწიფო მოლაპარაკებებს ლატვიასთან იწყებს - ეს განცხადება bm.ge-თან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა.

კითხვას, რამ განაპირობა აღნიშნულ ქვეყანასთან არსებული ნებართვების კვოტის ზრდის საჭიროება საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძემ უპასუხა, რომ მას შემდეგ, რაც ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვებში საქართველო ჩაერთო და ბაზარზე პროცესები გადალაგდა ქვეყნის მიმართ ინტერესი გაჩნდა, რომ ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ბალტიისპირა ქვეყნებში და ჩრდილოეთ ევროპაში საქართველოს გადამზიდავებმა შეასრულონ. მისი შეფასებით, აქამდე გადაზიდვებს რუსი გადამზიდავები ასრულებდნენ, რომლებსაც გადაზიდვები მიმდინარე პროცესების ფონზე შეზღუდული აქვთ.

“ლატვიისა და ზოგადად ბალტიისპირა ქვეყნებთან საქართველოს ისეთი დიდი სავაჭრო ბრუნვა არ ჰქონდა და შესაბამისად, ქართველი გადამზიდავებისთვის ეს მიმართულება არ ითვლებოდა სტრატეგიულად. მცირე რაოდენობით გადაზიდვები ხორციელდებოდა, შესაბამისად, ქვეყნებს შორის მცირე რაოდენობის ნებართვები გაიცვლებოდა. ჩინეთის მიმართულების გააქტიურებამ გაააქტიურა ინტერესი ამ მიმართულებითაც.

ზოგადად მანამდე ჩინეთიდან, ყაზახეთიდან ბალტიისპირა ქვეყნებში და ჩრდილო ევროპის ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვას ახორციელებდნენ რუსი გადამზიდავები და ყაზახეთის მოქალაქეები. ცნობილი მიზეზების გამო რუს გადამზიდავებს არ შეუძლიათ ამ მიმართულებით ოპერირება. ჩინელი გადამზიდავები ტექნიკურ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებენ და ამ მიმართულებაზე ვერ ოპერირებენ.

ძალიან კარგი შესაძლებლობა გაიხსნა ქართველი გადამზიდავებისთვის. ერთი მხრივ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი გვაქვს და ჩინეთის სიღრმეებში გადაზიდვების დაშვება მოხდა, რაც ქართველი გადამზიდავებისთვის კარგი ავანსია, ასევე მეორე მიმართულებით ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა ხდება, რაც კიდევ ერთი პლუსია.

შესაბამისად, გაჩნდა მოთხოვნა ჩინეთიდან ბალტიისპირა ქვეყნებზე ტვირთების გადაზიდვისა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ამ მიმართულებით ნებართვებზე და სააგენტო უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მხარეებთან, იმისთვის, რომ არსებული კვოტები გადაიხედოს და გაიზარდოს,”- ამბობს საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები