მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან იმპორტირებული კაკლის ხარისხის კონტროლს ითხოვენ - ასოციაცია ამ საკითხზე სამინისტროსთან მუშაობს

ლერი ტაბატაძე

ჩინეთიდან იმპორტირებული კაკლის ხარისხისა და წარმოშობის კონტროლის საკითხს ნუშისა და კაკლის ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან განიხილავს.

ასოციაციის საბჭოს წევრისა და ფერმერის, ლერი ტაბატაძის განცხადებით, იმპორტირებულ პროდუქტთან დაკავშირებით ხარისხისა და უვნებლობაზე კითხვები არსებობს. მისი თქმით, ბაზარზე ჩინეთიდან შემოტანილი კაკალი ზოგჯერ ქართული პროდუქტის სახელითაც იყიდება.

„საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის ჩინეთიდან კაკალი. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის პროდუქცია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ვერ გადის და ხარისხობრივადაც სერიოზული გამოწვევები აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან ვმუშაობთ, რომ შემოტანილი პროდუქტის ხარისხი შემოწმდეს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული იმპორტირებული პარტია გადიოდეს შესაბამის კონტროლს და დადასტურდეს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე მოქმედებს და უვნებელია მომხმარებლისთვის“, - აცხადებს ლერი ტაბატაძე.

მისივე თქმით, მომხმარებლისთვის ხშირად რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოშობის კაკალს ყიდულობს. ტაბატაძე ამტკიცებს, რომ ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში „ქართული ნიგვზის“ სახელით გაყიდული პროდუქტის ნაწილი შესაძლოა ჩინეთიდან იყოს იმპორტირებული. ის ასევე მიუთითებს იმპორტირებული კაკლის დამუშავების მეთოდებთან დაკავშირებულ კითხვებზე, თუმცა კონკრეტული პარტიების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს არ ასახელებს.

„დღეს მომხმარებელი ბაზარში რომ მიდის და ნიგოზს ყიდულობს, ხშირად პროდუქტს აწერია „ქართული ნიგოზი“, თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენი შეფასებით, ჩინეთიდან არის შემოტანილი. ამასთან დაკავშირებით ხარისხის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არსებობს კითხვები იმპორტირებული კაკლის დამუშავების მეთოდებთან და უვნებლობასთან დაკავშირებითაც. ამიტომ ვითხოვთ, რომ მხოლოდ წარმოშობის შესახებ მითითებას არ დავეყრდნოთ და რეალურად შემოწმდეს პროდუქტის ხარისხი. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ყიდულობს უსაფრთხო პროდუქტს“, - ამბობს ტაბატაძე.

ფერმერის შეფასებით, იმპორტირებული კაკალი კონკურენციას განსაკუთრებით დაბალი კატეგორიის ადგილობრივ პროდუქტს უწევს. მისი თქმით, წელს კლიმატური პირობების გამო ქართული კაკლის ნაწილის ხარისხი გაუარესდა და ამ სეგმენტში ადგილობრივი პროდუქტის ფასი შესაძლოა ჩინეთიდან იმპორტირებული კაკლის ღირებულებას გაუტოლდეს.

„ის კაკალი, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხის ან დაბალი კატეგორიის იქნება, შესაძლოა, პრაქტიკულად ჩინური კაკლის ფასს გაუტოლდეს. ეს კი იმპორტზეც იმოქმედებს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული პროდუქტი გვექნება. თუმცა მაღალი კატეგორიის კაკალზე მოთხოვნა არსებობს როგორც საქართველოში, ისე ექსპორტზე. ჩვენი მოლოდინით, წლევანდელი ხარისხიანი გარჩეული კაკლის მოსავლის 80-90% შიდა ბაზარზე გაიყიდება“, - აღნიშნავს ტაბატაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები