გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ შუა დერეფანსა და საქართველოზე მოთხოვნა გაზარდა.
როგორც -კომპანია SKYLOG-ის საზღვაო და სარკინიგზო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბოლო თვეებში ტვირთის ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა გაზრდილია ისეთი ქვეყნებიდანაც როგორიცაა ინდოეთი და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც მოთხოვნა ამ დრომდე შედარებით ნაკლები იყო.
თუმცა ანა კაკაბაძის თქმით, გაზრდილი ტვირთნაკადისთვის მზად არ აღმოჩნდა შუა დერეფნის მონაწილე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და ყაზახეთი.
კერძოდ, მისი თქმით, გადამზიდავებისთვის გამოწვევაა აქტაუს პორტში ტვირთების დაყოვნება, ასევე აზერბაიჯანის რკინიგზაში ტვირთების დამუშავების დრო მკვეთრადაა გაზრდილი, რაც გადაზიდვების ვადებსაც მნიშვნელოვნად ზრდის
“ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნამდვილად გაზარდა ტვირთნაკადი საქართველოს მიმართულებით და ზოგადად დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველდღიურად, რაც მანამდე არ ხდებოდა. ინდოეთის მხრიდან, გაერთიანებული არაბეთის საამიროებიდან ვიღებთ ხოლმე შეკითხვას და მოთხოვნას ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ამას ერთვის საახალწლო სამზადისის პერიოდი და ამ პერიოდში ყოველთვის მომატებული არის ტვირთნაკადი და მოთხოვნა ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი დადებითად აისახება დინამიკაში ჩვენს ტვირთნაკადებზე და მიღებული ტვირთის ოდენობაზე. თუმცა, რასაკვირველია, რიგი პრობლემებიც წარმოიშვა ისევ და ისევ გამტარუნარიანობის კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხება სარკინიგზო სექტორს და კასპიის ზღვას. საკმაოდ დიდი შეფერხებები გვაქვს აქტაუში, იმიტომ რომ რკინიგზამ იმ ნაკადთან შედარებით, რასაც სისტემატურად იღებდა, დაახლოებით 2-3-ჯერ მეტი ტვირთი მიიღო და არ აღმოჩნდა მზად აღნიშნული სექტორი ამ ტვირთნაკადის მიღებისთვის და საკმაოდ დიდი შეფერხებები გამოიწვია.
მაგალითად, აზერბაიჯანი, რომელიც დაახლოებით 2-3 დღეში ამუშავებდა ხოლმე მიღებულ კონტეინერებს და ახდენდა საქართველოში გამოგზავნას, დღეის მდგომარეობით დღეების რაოდენობა 10-14 დღეზე არის ასული. გარდა ამისა, ისევ და ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება აქტაუს პორტი და სიტუაცია, რომელიც არის და ყოველდღიურად, ანუ უფრო და უფრო მეტი შეფერხება გვაქვს აქტაუს პორტში და ვერ ახერხებენ დროულად ტვირთის ნაკადის მიწოდებას, რამაც საერთო ჯამში ტრანსპორტირების ვადაზე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა და დაახლოებით, როცა ჩინეთიდან [საქართველოში] სჭირდებოდა 16-17 დღე, ახლა დაახლოებით 40-45 დღეს მაინც შეადგენს სატრანზიტო ვადა”, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.
























