ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2026 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელზე მეტად, 5%-მდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.
როგორც ირკვევა, Reuters-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები მთლიანი შიდა პროდუქტის 4.8%-იან მატებას პროგნოზირებდნენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო 3 თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი გასული წლის ბოლო კვარტალის შედეგს, 4.5%-ს საგრძნობლად აღემატება. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის გაძლიერების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ექსპორტის მოცულობის მკვეთრი მატება გახდა.
ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებული მონაცემებით, ჩინეთში სამრეწველო წარმოების განსაკუთრებული ზრდა მარტის თვეში დაფიქსირდა, როცა მაჩვენებელმა 5.7%-ს მიაღწია. ეს მაშინ, როცა ექსპერტები 5.5%-ზე მეტს არ ვარაუდობდნენ. აღსანიშნავია, რომ საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება საცალო გაყიდვების მიმართულებით, რომლის ზრდის ტემპიც 1.7%-მდე შენელდა. უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა უძრავი ქონების სექტორშიც, სადაც ინვესტიციები 11.2%-ით შემცირდა.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, მან მარტის თვეში ქალაქებში 5.4% შეადგინა.
ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობა მიზნად წლიური ეკონომიკური ზრდის 4.5%-დან 5%-მდე დაფიქსირებას ისახავს. აღსანიშნავია, რომ ზრდის ასეთი დაბალი მოლოდინი ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონია.




























