ჩინეთი გამარჯვების დღის აღნიშვნისთვის ემზადება. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების 80 წლის იუბილეზე ქვეყნის დედაქალაქს 26 ქვეყნის ლიდერი ეწვევა. პეკინში განსაკუთრებულად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინს ელიან.
3 სექტემბერს დაგეგმილ გამარჯვების აღლუმზე ქვეყნების ლიდერები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოიყრიან თავს. ევროპულ სახელმწიფოთა შორის წარმოდგენილი მხოლოდ სერბეთი, ბელორუსი და სლოვაკეთი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ რობერტ ფიცო პეკინში უნგრელი კოლეგის, ვიქტორ ორბანის გარეშე ჩავა. შესაბამისად, ის ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი იქნება, რომელიც ღონისძიებას დაესწრება.
აღლუმზე დასასწრებად ყველაზე მეტი ქვეყნის ლიდერი აზიიდან ჩავა. მათ შორის იქნებიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ღონისძიებაზე ვიხილავთ ასევე ირანის, ვიეტნამის, კამბოჯას თურქმენეთის, სინგაპურის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, პაკისტანის, ნეპალის, მიანმარის, მონღოლის, მალდივების, მალაიზიის, ლაოის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მმართველებს. აღსანიშნავია, რომ აღლუმზე სამხრეთ კორეას პარლამენტის თავმჯდომარე ვუ ვონ-შიკი წარმოადგენს.
რაც შეეხება აფრიკას, ამ შემთხვევაში ღონისძიებაზე მხოლოდ კონგოს რესპუბლიკისა და ზიმბაბვეს ლიდერები ჩავლენ. საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კი ერთადერთი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა იქნება.
ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანესი აღლუმი ტიანმენის მოედანზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ათასობით ჯარისკაცი მიიღებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ულტა-თანამედროვე შეიარაღება, მათ შორის უახლესი ჰიპერბგერითი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.




























