მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობა ჯეკ მას Ant Group-ის $1 მილიარდით დაჯარიმებას გეგმავს

637cc7906ae35
გიორგი თოლორდავა
22.11.22 17:34
995
ჩინეთის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო საფინანსო-ტექნოლოგიური ჰოლდინგის, Ant Group-ის 1 მილიარდი დოლარით დაჯარიმებას გეგმავს.

Ant Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი მეწარმე ჯეკ მაა, რომლის სახელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, Alibaba უკავშირდება.

Reuters-ის ანონიმური წყაროების ინფორმაციით, ჯარიმის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ბანკი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაასაჯაროებს, რაც ოფიციალური დასტური იქნება იმისა, რომ Ant Group-ის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დასრულდა და კომპანიას საქმიანობის გაგრძელება შეუძლია.

ცნობისთვის, Ant Group-ი ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს საგადახდო პლატფორმას – Alipay-ს ფლობს, თავად ჰოლდინგი კი საბანკო ფუნქციას ასრულებს, თუმცა ფინტექ რეგულატორულ ჩარჩოშია მოქცეული, რაც მას სხვა ჩინურ კომერციულ თუ სახელმწიფო ბანკებთან შედარებით უდიდეს უპირატესობას ანიჭებს, ვინაიდან, მას არ უწევს იმ მკაცრი რეგულაციების დაცვა, რომელთა წინაშეც, მაგალითად, ჩინეთის ინდუსტრიული ბანკია.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჯეკ მა ქვეყნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის დამფუძნებელია და მისი გავლენა ვრცელდება როგორც ინტერნეტ, ტექნოლოგიურ და კომერციის ინდუსტრიებში, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორებშიც.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან იწყება ჯეკ მას კატასტროფული ვარდნა, რომელმაც ჩინური ბიზნესის დე-ფაქტო ელჩი საჯარო სივრციდან და საერთაშორისო ასპარეზიდან უბრალოდ გააქრო.

2020 წლის 24 ოქტომბერს შანხაიში, ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე, ჯეკ მა დამსწრე საზოგადოების წინაშე 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. დარბაზში შეკრებილთა შორის იყვნენ: კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები, სამინისტროების წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, გავლენიანი მეწარმეები და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები.

სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო თავად უზენაესის – კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ჯეკ მამ განაცხადა, რომ ბიზნესის მიმართ მთავრობის მიდგომა უნდა შეცვლილიყო, ბიუროკრატიის გავლენა კერძო სექტორზე უნდა შემცირებულიყო, კომპანიების განვითარების საკითხი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა გადამწყდარიყო.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა. ჩინეთის თანამედროვე ისტორია კი იმას ცხადყოფს, რომ ძინპინთან დაპირისპირება კარგად არავისთვის სრულდება.

ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

ჯერ კიდევ ბუნდის ეკონომიკურ სამიტამდე დაგეგმილი იყო, რომ 2020 წელს Ant Group-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, IPO-ს წინასწარი შეფასება კი 37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ჯეკ მას სიტყვით გამოსვლის გამო, მთავრობამ გარიგება ჩაშალა, Ant Group-ს კი საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მიეცა.

ძინპინის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა, რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

2021 წლისთვის ჯეკ მამ ოფიციალურად დაკარგა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი, ამჟამად კი ის Forbes-ის რეიტინგში $22-მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში 66-ე ადგილამდეა ჩამოქვეითებული.

საბედისწერო განცხადებიდან ორი წლის შემდეგაც კი, მთავრობის შურისძიება არ დასრულებულა – ამჟამად დღის წესრიგში ჯეკ მას სრული ჩამოქვეითება და მისი მილიარდერების რეიტინგიდან გაქრობაა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჯეკ მა Ant Group-ის 50.52%-იანი წილის დათმობას და სამმართველო პაკეტის სხვა აქციონერებისთვის გადაცემას განიხილავს, რაც საბოლოოდ შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ფინ-ტექ კომპანიაზე.

საგულისხმოა, რომ ჯეკ მამ უკვე დატოვა Ant Group-ის აღმასრულებლისა და საბჭოს წევრის თანამდებობები, ის აგრეთვე სრულადაა ჩამოშორებული Alibaba-ს მენეჯმენტს. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ კი ის არცერთ საჯარო ინტერვიუში არ გამოჩენილა, უფრო მეტიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.



"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები