ჩინეთის მთავრობა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებას და ქვეყნის საფონდო ბირჟის დასახმარებლად 278 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა ოფშორული კომპანიების სახელით საფონდო ბირჟაზე დალისტული ჩინური კომპანიების აქციებს გამოისყიდის, რითაც ბირჟაზე არსებულ დაღმასვლის ტენდენციას ხელოვნურად შეაჩერებს და უცხოელ ინვესტორებს სტაბილურობის შეგრძნებას შეუქმნის.
თავისი არსით, მსგავსი სიახლე ინვესტორებისთვის პოზიტიურ ნიშანს წარმოადგენს, თუმცა კომპანიების გრძელვადიანი განვითარებისთვის სახელმწიფოს დახმარებაზე ყოფნა არაჯანსაღია და რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ რთული გადაწყვეტილების წინაშე ჩინეთის მთავრობა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც CSI 300 ინდექსი ერთ წელიწადში 23%-ით დაეცა; Hang Seng Index-ის ვარდნის მაჩვენებელმა კი 32%-ს მიაღწია, რაც გლობალურ საფონდო ბირჟებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.
ჩინური საფონდო ბირჟის არასახარბიელო შედეგები ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, საწარმოო ინდექსი ნახევარი წელია თითქმის ყოველთვიურად ეცემა; დეფლაციის პრობლემა უკვე სერიოზულ გამოწვევად იქცა და, რაც მთავარია, ქვეყნის სამშენებლო-დეველოპერული სექტორი კოლაფსის პირასაა, რომელმაც, შესაძლოა, საბანკო-საფინანსო სექტორიც ქვესკნელში ჩაიყოლოს.
ეკონომიკაში ასეთი რისკების დაგროვებას, ბუნებრივია, ინვესტორები პოზიტიურად არ იღებენ, რის გამოც ვხედავთ, რომ ჩინურ კომპანიებსა და ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის ჩადების სურვილი სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს, ეს კი ძირითადი ინდექსების ვარდნას იწვევს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























