ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი ინდოეთში 3-დღიან ვიზიტს იწყებს. ქვეყნის პირველი დიპლომატი მომდევნო დღეების განმავლობაში არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს და მოდის ხელისუფლებასთან ჰიმალაის საზღვრის გარშემო არსებული უთანხმოების დასრულებას შეეცდება. როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის საზღვარზე ინდოეთისა და ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს შორის 2020 წელს სისხლიანი შეტაკება მოხდა.
დაპირისპირებიდან 5 წლის თავზე ვანგ ი ინდოეთში მეორედ ჩადის. მისი შეფასებით, 2024 წელს გაფორმებული საზღვრის კონტროლის საერთო შეთანხმებამ ვითარების საბოლოოდ დალაგებისთვის კარგი საფუძველი მოამზადა. ახლა კი, როცა ინდოეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოება გამწვავებულია, ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსები იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ვანგ ის ვიზიტი მხოლოდ საზღვრით თემის დალაგებას არ ეხება. როგორც ცნობილია, 31 აგვისტოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ჩინეთში ჩასვლას და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასწრებას აპირებს. პირველი დიპლომატის ინდოეთში ჩასვლის მიზანი სწორედ ამ ისტორიული ვიზიტისთვის ბოლო დეტალების დაზუსტება იქნება. როგორც ცნობილია, მოდი ჩინეთში ბოლო 2018 წლის შემდეგ აღარ ჩასულა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ვანგ ის ვიზიტის პარალელურად, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები, სასაზღვრო ვაჭრობა მცირე მასშტაბით აღდგა. ინდოელ პილიგრიმებს კი ტიბეტის მთა კაილაშის მოლოცვის უფლება მიეცათ. როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირებასა ცდილობს.




























