საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გაჩერებას ზედიზედ 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.
ტურისტულ კომპანია Travelfy-ში ამბობენ, რომ ჩინეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ქვეყნებს შორის მიმოსვლაზე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში ძირითადად საქმიანი ვიზიტით მოგზაურობენ, თუმცა სავიზო რეჟიმის მოხსნა გიორგი მელიქიშვილის განმარტებით, ტურისტულ ვიზიტებსაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს, რადგან დღეს ჩინეთის ვიზის აღება არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.
“ეს გადაწყვეტილება ბევრ პოზიტიურ ამბავთან იქნება დაკავშირებული, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით ისე ტურისტული პოტენციალის უკეთესად ათვისების კუთხით. ის დისკომფორტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დღეს იქნება დაძლეული. მოქალაქეებს დღეს უწევთ ცოცხალი რიგებში დგომა.
ადამიანებს, რომლებსაც ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტით უწევთ ჩინეთში გამგზავრება ვიზის ასაღებად რიგში ღამით დგებიან, დილამდე დგანან რიგში, ზოგს არ უწევს შესვლა. აი ეს დისკომფორტი მთლიანად აღმოიფხვრება და საქართველოს მოქალაქეებს ექნება საშუალება, რომ დღეს მიიღონ გადაწყვეტილება რომ ხვალ უნდათ ჩინეთში გამგზავრება და გაემგზავრონ”, - ამბობს კომპანია Travelfy-ს დამფუძნებელი გიორგი მელიქიშვილი.