ჩინეთის საპასუხო რეაქცია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს - სახალხო რესპუბლიკამ შეერთებულ შტატებს საბაჟო გადასახადი გაუძვირა - საპასუხო რეაქციის შესახებ ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ამერიკულ პროდუქციაზე ახალი რეგულაციები პირველი ივნისიდან ამოქმედდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შეზღუდვების მიხედვით, დაახლოებით, 2500 სახის ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქტზე საბაჟო გადასახადი 25%-ით გაიზრდება. გადაწყვეტილების მიუხედავად, პეკინში იმედოვნებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში წარიმართება და შტატები ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვეულ სტილში განაახლებს.
ორ ეკონომიკურ გიგანტს შორის ვითარების ესკალაციის გამო, შტატების საფონდო ინდექსი ორშაბათის მონაცემებით, 2 პროცენტით დაეცა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომი უკვე მეორე კვირაა მწვავდება. მანამდე საბაჟო გადასახადი ჩინეთს დონალდ ტრამპმა გაუძვირა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილება ძალაში პარასკევს საღამოს შევიდა, რომლის მიხედვითაც, 200 მილიარდი დოლარის ჩინურ წარმოებაზე საბაჟო გადასახადი 10-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა.
უცხოელი ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ თვეს იაპონიაში დაგეგმილი "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა შედგება და ორი ქვეყნის ლიდერი გარკვეულ შეთანხმებას მოახერხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები იქნება.

























