ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აფრიკის 53 სახელმწიფოს ტარიფები სრულად, 0%-მდე შეუმციროს. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ სიაში არ შევიდა, ეს სამხრეთ აფრიკული პატარა ქვეყანა ესვატინია, რომელსაც ტაივანთან ახლო ეკონომიკური კავშირები აქვს და ამ პარტნიორობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. როგორც ირკვევა, დანარჩენი 53 სახელმწიფოს ნაწარმს იმპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადი სრულად მოეხსნება. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი საშეღავათო პოლიტიკა მინიმალური ტარიფებით 33 აფრიკულ ქვეყანაზე მოქმედებდა.
ცნობისთვის, აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ 2025 წლის 8 თვეში $222.05 მილიარდს მიაღწია, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 15.4%-იანი ზრდაა და აჩენს მოლოდინს, რომ ვაჭრობის მასშტაბი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ აქტიური პარტნიორობის მიუხედავად, ორ მხარეს შორის სავაჭრო დისბალანსი მაინც შეინიშნება. კერძოდ, აფრიკული ქვეყნები ჯამურად $59.55 მილიარდით მეტ პროდუქტს ყიდულობენ ჩინეთიდან, ვიდრე ექსპორტზე გააქვთ. სავარაუდოა, რომ ტარიფების მოხსნის ფონზე 53 სახელმწიფო ვაჭრობის დაბალანსებას ეცდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფასა იყო, რომელიც ჩინეთს ბოლო თვეების განმავლობაში არათანაბარ პირობებზე მიუთითებდა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტარიფების 0%-მდე ჩამოწევითა და სრული გაუქმებით ჩინეთი უარს ამბობს ბიუჯეტში დამატებით $1.4 მილიარდის მოზიდვაზე, თუმცა სანაცვლოდ მოელის, რომ მისი ეკონომიკური დიპლომატიის პოლიტიკა კონტინენტზე კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ცნობისთვის, ჩინეთი აფრიკულ სახელმწიფოებთან ძირითადად ნავთობით, ასევე კრიტიკული მინერალებითა და ძვირფასი ქვებით ვაჭრობს. მხოლოდ 2025 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ კონტინენტური ქვეყნებისაგან $81.25 მილიარდის პროდუქცია შეისყიდა.




























