ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მეღვინეები ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ელოდებიან. ღვინის მწარმოებლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჩინეთში ქართული პროდუქციის შეტანაზე ნულოვანი ტარიფები ამოქმედდება, მოთხოვნა განსაკუთრებულად სწორედ ქართულ ღვინოზე გაიზრდება, რადგანაც ამ მიმართულებით დაინტერესება ამჟამადაც საკმაოდ მაღალია.
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულების შესახებ სწორედ დღეს განაცხადა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ქართული პროდუქციის 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა.
ღვინის კომპანია armazi wines-ის ხელმძღვანელი ბექა ხერგიანი „ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, რომ ქართველმა მწარმოებლებმა რომ არ იაქტიურონ, თავად ჩინური კომპანიების მხრიდან გააქტიურდება მოთხოვნა. როგორც ხერგიანი ამბობს, მისი კომპანიის შემთხვევაში დაინტერესება სწორედ ჩინური მხრიდან წამოვიდა. ბექა ხერგიანის განცხადებით, ნულოვანი ტარიფების ამოქმედების შემდე,გ ჩინურ მხარეს საიმპორტო გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს და დაზოგილი თანხით იმპორტს გაზრდის.
ბიზნესმენის აზრით, არის შანსი, რომ ქართველმა მეღვინეებმა ევროკავშირში ღვინის გატანის ინტერესი გარკვეულწილად დაკარგონ და ჩინეთის ბაზარზე გადაინაცვლონ, რადგან აქ ალკოჰოლური სასმელის შეტანა შედარებით მარტივია.
"ბევრად მარტივია ჩინეთში ღვინის გატანა, ვიდრე ევროკავშირში, როგორც ხარისხის, ისე დოკუმენტაციის მხრივ.
შეიძლება ითქვას, რომ ახლა იწყება ქართული ღვინის აღმავლობა, რადგან ჩინეთის ბაზარი აბსოლუტურად უნაკლო ბაზარია ქართული ღვინისთვის“,- აცხადებს ბექა ხერგიანი.
ევროპული ბაზრის მიმართ ინტერესის დაკარგვას არ ელოდება „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი. მისი თქმით, ევროკაშირში ღვინის შეტანა იმდენად რთულია, რომ ბაზარზე შესვლის შემდეგ კომპანიებს უკან გამოსვლა აღარ უღირთ. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიებმა ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ, რადგან ერთ ბაზარზე „ჩამოკიდება“ საკმაოდ ცუდ შედეგებს იძლევა და ამის გამოცდილება ქართველ მეღვინეებს აქვთ.
"ევროკავშრის ბაზარზე პროდუქციის გატანის მთავარი პრობლემა არის ის, რომ რეალურად პროდუქცია არ არის საქართველოში. ღვინო საკმარისი გვაქვს, თუმცა, ევროპის ბაზარი საკმაოდ რთული ბაზარია ღვინისთვის. ძნელია თავის დამკვიდრება. რაც შეეხება ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას, ჩინეთს ბაზარზე შეღავათები წაადგება ქართულ მეღვინეობას, მოიმატებს გაყიდვები",- აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.
"შუხმან ვაინს ჯორჯიას" ხელმძღვანელი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ კომპანია უკვე დიდი ხანია ახორციელებს ჩინეთში ექსპორტს და ეს მათთვის პრიორიტეტული ბაზარია.
"ვფიქრობ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას ქვეყნებს შორის. დღეს რაც ყველაზე მაღალი ინტერესით სარგებლობს ჩინეთის მხრიდან, ეს არის ქართული ღვინო“,- აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
მისივე თქმით, ნულოვანი ტარიფების დაწესების შემდეგ ღვინის ჩინეთში შეტანა 40%-ით იაფი დაჯდება, რაც რა თქმა უნდა, ქართულ ღვინოზე მოთხოვნას გაზრდის.
"მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სხვა ბაზრები, მაგალითად ევროპა, სადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინის არსებობა, ასევე სხვა აზიური ბაზრები, სადაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჩვენი ღვინო. თუმცა, ეს ყველაფერი კომპანიებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სურთ მათ საკუთარი ბაზრების დივერსიფიკაცია“,- აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

























