ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა The China Food & Drinks Fair-ზე ქართული ღვინის მწარმოებელმა 23-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, მათი მონაწილეობა თავად დააორგანიზეს და დააფინანსეს.
"სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.
გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება", - წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთს საქართველოს მთავრობა ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიულ ბაზრად მიიჩნევს, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, მარკეტინგული კამპანია 2013 წლიდან მიმდინარეობს. რა შედეგები აჩვენა ამ ბაზარზე ღვინის ექსპორტმა, ამაზე საქსტატის მონაცემები მეტყველებს:
ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 2025 წლის იანვარ-თებერვალში მცირედით გაიზარდა და 542,786 ლიტრი და 1,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 350,728 ლიტრი და 1,1 მლნ აშშ დოლარი იყო. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო წელს უფრო იაფად გავყიდეთ, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, თუ 2024 წელს წინა წლებს შევადარებთ, ჩინეთში ღვინის ექსპორტის კლება შეინიშნება. გასულ წელს, ჯამში ჩინეთში 9,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,639,359 ლიტრი ღვინო გავყიდეთ, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.