მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 2.4-ჯერ შემცირდა

5ae0545ea7e44
ნინო კვინტრაძე
25.04.18 14:10
1921
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. შედეგად, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

სტატისტიკის სამსახურის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტმა 20.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება. კერძოდ, გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 49.3 მლნ დოლარი იყო.
ჩინეთში საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით, მადნები და სპილენძის კონცენტრატები გადის. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტმა სამ თვეში 12.6 მლნ დოლარი შეადგინა. საექსპორტო პროდუქციაში მეორე ადგილს იკავებს ღვინო, რომლის ექსპორტმაც 3.2 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე ხელსაწყოები და მოწყობილობებია, რომელიც მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოიყენება, რომელთა ექსპორტმაც 2.8 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ჩინეთში მადნებისა და სპილენძის კონცენტრატების ექსპორტი შემცირდა. შედარებისთვის გასულ წელს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი 41.3 მლნ დოლარს შეადგენდა, ნაცვლად 2018 წლის 12.6 მილიონისა.

შემცირდა ღვინის ექსპორტიც და თუ 2017 წლის პირველ კვარტალში ის 3.8 მლნ დოლარს შეადგენდა, წელს ის 3.2 მლნ დოლარია.

გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ჩინეთიდან იმპორტი და მან 182.3 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდშ კი ჩინეთიდან ექსპორტი 126.5 მლნ დოლარს შეადგენდა.

ჩინეთიდან ყველაზე დიდი მოცულობით საქართველოში გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები შემოდის და მათმა იმპორტმა წლის 3 თვეში 14 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები