მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში The 3 Body Problem-ის პროდიუსერის მკვლელობისთვის კომპანიის ტოპ-მენეჯერი სიკვდილით დასაჯეს

3 body

ჩინეთში ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია Yoozoo Games-ის ხელმძღვანელისა და Netflix-ის პოპულარული სერიალის, The 3 Body Problem-ის პროდიუსერის, ლინ ცის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ყოფილი ტოპ-მენეჯერი, სუ იაო სიკვდილით დასაჯეს.

IGN-ის ინფორმაციით, სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი რამდენიმე წლის წინ გამოუტანა, გასულ კვირას კი განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით, სუ იაო Yoozoo Games-ის კინოწარმოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სადაც ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალსა და ცნობილ პროექტზე — Game of Thrones: Winter is Coming-ზე მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, მენეჯერსა და კომპანიის ხელმძღვანელს შორის უთანხმოება სერიალის ადაპტაციის პროცესს უკავშირდება. ლინ ციმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სუ იაოს ხელფასი შეუმცირა, მოგვიანებით კი პროექტის მართვას სრულიად ჩამოაშორა. შურისძიების მიზნით, სუ იაომ ხელმძღვანელის საკვებსა და სასმელში პრობიოტიკების ყალბი კაფსულები ჩაყარა, რომელიც ვერცხლისწყლის უკიდურესად ტოქსიკურ ფორმას შეიცავდა. ლინ ცი 2020 წლის დეკემბერში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანიდან 9 დღეში გარდაიცვალა, მედიკოსებმა კი მოწამვლის ფაქტი მაშინვე დაადასტურეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მომხდართან დაკავშირებით Yoozoo Games-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც BBC-მ გააზიარა. კომპანიის თანამშრომლები გარდაცვლილი ხელმძღვანელის ოჯახს უსამძიმრებენ და სასამართლო პროცესის მიუკერძოებლობის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები