მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე შევთანხმდით" - გენადი არველაძე

არველაძე

"საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას,“ - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.

როგორც მინისტრია მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს მაღალი დონის ვიზიტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის ხორციელდება.

„გვქონდა შესაძლებლობა, მაღალი დონის შეხვედრები გაგვემართა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრანსპორტის მინისტრთან, ასევე კომერციის მინისტრის მოადგილესთან, სადაც თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ის მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, სადაც მომავალში ორ ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს. ასევე შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ. აღნიშნული შეეხება ვაჭრობის მიმართულების გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფების შექმნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დააჩქარებს იმ პროცესებს, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, როგორც ელექტრონულ პლატფორმაზე ჩინეთში ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაციას, ასევე სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას და ბიზნეს კონტაქტების დამყარებას სხვადასხვა სავაჭრო მისიების ორგანიზებით“ - განაცხადა არველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები