მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას - გენადი არველაძე

ჩინეთი

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას - "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის სხდომაში მიღებისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში ასევე განიხილეს შეთანხმების განახლებაც. სხდომაზე მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკების მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულების მოლოდინი დააფიქსირეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, შეთანხმების გაფართოება უფრო მოქნილს გახდის შესაბამის მექანიზმებს აღნიშნული მიმართულებებით, მათ შორის, მხარეებმა მუშაობა დაიწყეს ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე დაშვების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.

ერთობლივ კომისიას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა გენადი არველაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კი - კომერციის ვიცე-მინისტრი იან ტუნგი.

„საქართველო მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთთან მრავალ სფეროში, მათ შორის ვაჭრობაში. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ უკვე შეასრულა გადამწყვეტი როლი ვაჭრობის ხელშეწყობაში, ბიზნესს კავშირების გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. ჩინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად, მე-4 ადგილს იკავებს და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 8,1%-იანი წილი უკავია“, - განაცხადა არველაძემ სხდომაზე.

მისივე თქმით, ცვლილებები შეთანხმებაში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას. შეთანხმების მოდერნიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოსა და ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წელს ამოქმედდა და მიმართულია ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები