პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მაისში დაფიქსირებული 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიზეზებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განმარტავს.
ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ არ უკავშირდება ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს.
ეკონომიკური ზრდის მიზეზებს შორის ივანიშვილი თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ „მასში კვირიკაშვილის წვლილი არ არის“.
„მიზეზებს შორისაა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა.
ამასთან, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა დავამყარეთ. მას (კვირიკაშვილს) თავისი წვლილი ჰქონდა მაგრამ არა პირდაპირი. ჩინეთზე მას (კვირიკაშვილს) არაფერი განსაკუთრებული წვლილი არ აქვს.
თუ ვინმეს აქვს წვლილი, ბახტაძეს გავიხსენებ, ის მაშინ რკინიგზას კურირებდა, შემდეგ ფინანსთა მინისტრი იყო“, - ამბობს ივანიშვილი.

























