მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია - ვინ არიან ანაკლიის მშენებლობით დაინტერესებული?

ანაკლიის პორტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს და შვეიცარულ-ლუქსემბურგულ კომპანიას სურს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრი დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით სწორედ ანაკლიის პორტზე მეტი ინფორმაციის გასაგებად დაიბარეს, თუმცა ამ დროისთვის ლევან დავითაშვილი კონკურსში მონაწილე კომპანიების დასახელებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ეს ორი კონსორციუმი გადავიდა შერჩევის მეორე ეტაპზე და სწორედ მისი დასრულების შემდეგ გაიგებს საზოგადოება მის სახელს. 

დამაზუსტებელ კითხვაზე მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ შერჩევაში სხვა ევროპული ან ამერიკული კომპანია არ მონაწილეობდა. 

“წინასწარი პირობები დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა, ესენი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიების ჯგუფი. დანარჩენი კომპანიების წინადადებებს რაც შეეხება, მათი წინადადებები არ იყო შესაბამისი შერჩევის კრიტერიუმებთან, აქედან გამომდინარე ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები.

სამწუხაროდ არ იყო მეტი ევროპული ან ამერიკული კომპანია შერჩევაში. გვყავდა ერთი ჩინური ჯგუფი და კომპანია ისრაელიდან რომლებიც ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. კონკურსი ჩატარდება კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება. ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ ის კერძო ინვესტორის კრედიტების გარანტირებას არ აპირებს.

პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც  დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

ამასთანავე, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები