მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური ავტომწარმოებლები რუსეთიდან გადიან

kaiyi

2025 წლის ბოლომდე რუსული ავტობაზარი შესაძლოა 10-მდე ჩინურმა ავტომწარმოებელმა ბრენდმა დატოვოს — ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ იტყობინება.

მოგეხსენებათ, 2022 წელს დასავლური კომპანიების მასობრივი გასვლის შემდეგ, ჩინურმა ბრენდებმა რუსული ბაზარი შეავსეს — ზოგჯერ პირდაპირი იმპორტით, ზოგჯერ კი ე.წ. „გადაბრენდვით“. თუმცა ის, რაც თავიდან ზრდის ბუმად ჩანდა, დღეს უკვე საპირისპირო ტენდენციაზე მიანიშნებს.

მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე რუსეთში 57 ჩინური ავტობრენდი იყო წარმოდგენილი. თუმცა, რეალურად მხოლოდ 11 მათგანი იყო ბაზარზე ომამდე ოფიციალურად და მყარად დაფუძნებული. დანარჩენები — სუსტი ქსელით, არასაიმედო სერვისით და ხშირად გაურკვეველი წარმოშობის მოდელებით იყვნენ ბაზარზე წარმოდგენილნი.

2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 213 შოურუმი დაიხურა — ეს მაჩვენებელი კი თითქმის 3.2-ჯერ აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს.

დილერებისა და ანალიტიკოსების აზრით, ჩინური ბრენდების რუსეთიდან გასვლის ძირითადი მიზეზებია:

მოთხოვნის მკვეთრი შემცირება — მოსახლეობის გადახდისუნარიანობა კვლავ ეცემა, ხოლო მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები უფრო თავშეკავებულნი არიან სესხებისა და ლიზინგის გაცემის მხრივ, კრედიტი კი ძვირია, რადგან ქვეყანაში 21%-იანი რეფინანსირების განაკვეთი მოქმედებს.
მწვავე კონკურენცია — ბევრ ჩინურ კომპანიას საერთოდ არ გააჩნია ბრენდ-იდენტობა. მომხმარებელთა დიდი ნაწილი კი არჩევანს აკეთებს იმაზე, რასაც იცნობს, მათ შორის შემდეგ კომპანიებზე: Chery, Geely, Haval ან Li Auto.
სერვისისა და სათადარიგო ნაწილების დეფიციტი — ნაკლებად ცნობილ ბრენდებს არ გააჩნიათ ქვეყანაში ტექნიკური ქსელი და ეს კიდევ უფრო ამცირებს მომხმარებლების ნდობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნიდან გასვლის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ბრენდები არიან: Oting, Kaiyi, SWM, Livan, VGV და MG. ზოგიერთი მათგანი რუსეთისთვის სრულიად უცნობია, ამიტომ მათზე მოთხოვნა უკიდურესად დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დღეს რუსეთისთვის მთავარი პარტნიორია, ისიც ხედავს, რომ ყველა ბრენდის დარჩენას ქვეყანაში აზრი არ აქვს, რადგან ბაზარი უკვე გაჯერებულია და მომხმარებელთა ნაწილი, არჩევანის მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც ევროპულ, ამერიკულ და იაპონურ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები