2024 წლის დასაწყისში, Ford-ის გენერალური დირექტორი, ჯიმ ფარლი და ფინანსური დირექტორი, ჯონ ლოულერი ჩინეთში იმყოფებოდნენ, სადაც Changan Automobile-ის ქარხანას ესტუმრნენ და ერთ-ერთი ელექტრო-SUV ტესტდრაივზე გაიყვანეს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელები ჩინური ავტომობილების ხარისხით იმდენად მოიხიბლნენ, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა ჯიმ ფარლიმ Ford-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ჯონ თორნტონს განუცხადა, რომ ჩინური ელექტრომობილები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ.
ჩინურ ელექტრომობილებთან კონკურენცია რომ ამერიკულ და ევროპულ ავტომწარმოებელ კომპანიებს აშინებთ, ახალი ამბავი არ არის - სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის მკაცრი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ხელისუფლებამ ბოლო თვეებში შემოიღო. ჩინურ ელექტრომობილებთან კონკურენციაზე წუხს ელექტრომობილების მსოფლიოს უდიდესი კომპანიის, Tesla-ს გენერალური დირექტორიც. ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ თუ ხელისუფლებები ბარიერებს არ შექმნიან, ჩინური კომპანიები ყველა ავტომწარმოებელს ჩაძირავენ.