ჩინური "ჰუალინგის" ინვესტიციით შექმნილ ქართულ ავიაკომპანია MY Way Airlines-ს ფრენისთვის ლიცენზია ჯერ არ აუღია. კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მიმართული აქვს, თუმცა, სერთიფიცირების პროცესი დასრულებული არ არის.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იგორ აფციაური "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანია თვითმფრინავების შეძენით არის დაკავებული. აფციაურის ინფორმაციით, MY Way Airlines-ი თავდაპირველად აპირებდა 2006 წელს გამოშვებული ბოინგები შეეძინა, შემდგომ კი 2010 წლის მოდელებზე შეჩერდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ სწორედ ამის გამო პროცედურა შედარებით გაჭიანურდა.
უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავების შესყიდვის პროცესი სავადაუდოდ, თებერვალში დასრულდება, რის შემდეგაც კომპანია სალიზენციო პროცედურებს დაიწყებს. საწყის ეტაპზე კომპანია 2 თვითმფრინავით იქნება წარმოდგენილი.
"ჰუალინგის" მიერ შექმნილი ავიაკომპანია პირველ ეტაპზე ფრენებს მეზობელ და დსთ-ის ქვეყნებში განახორციელებს, შემდეგ გავა ევროპაში, დაახლოებით 5-6 წელიწადში კი თვითმფრინავებს დაამატებს და რეისებს ამერიკაშიც განახორციელებს.
როგორც იგორ აფციაური განმარტავს, MY Way Airlines-ი ჩინური ინვესტიციით შექმნილი ქართული ავიაკომპანია იქნება, რომელიც ქართული დროშის ქვეშ იფრენს და რომლის თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი იქნება.

























