ჩინური კომპანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავების საბჭოში უჩივის.
,,Xinxing Jihua International Trading”-ი სატენდერო პირობებს აპროტესტებს და სამინისტროს კონკრეტული თურქული კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებს.
საუბარია ტენდერზე, რომლითაც სამინისტრომ ჯარისკაცებისათვის 35 ათასი წყვილი მაღალყელიანი ჩექმა უნდა შეიძინოს 2,7 მილიონ ლარად.
ჩინურ კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციის მიწოდების ვადები სატენდერო პირობებით, იმდენად მცირეა, რომ ჩინეთის, ევროპის და აშშ-ის ქვეყნების მწარმოებლებს ტენდერში მონაწილეობის უფლებას უზღუდავს.
,,ამ მოთხოვნით შემსყიდველი ზღუდავს კონკურენციას და ტენდერს არგებს ერთ კონკრეტულ თურქულ მწარმოებელს TRUMAR AYAKKABI IMALAT SANAYI VE TICARET ANONIM SIRKETI-ს, ვინაიდან მხოლოდ მას გააჩნია 20-წლიანი გამოცდილება და სწორედ თურქეთიდან ტრანსპორტირებას გაცილებით ნაკლები დრო ჭირდება, ვიდრე ჩინეთიდან, ევროპიდან ან აშშ–დან“, - ნათქვამია კომპანიის სარჩელში.
,,არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თურქულმა კომპანიამ მიიღო გარანტიები და მათ მიერ ხელშეკრულების დადებამდე უკვე მიმდინარეობს 35,000 წყვილი ბათინკის დამზადება, რადგან მათ გარანტირებულად იციან, რომ კონკურენტი არ ჰყავთ. ამ პირობებით სხვა არცერთ მწარმოებელს არ გაუჩნდება სურვილი აიღოს მძიმე ფინანსური ვალდებულება. ეჭვის საფუძველს იძლევა ისიც, რომ შემსყიდველი არ ასაჯაროებს ბაზრის კვლევის ინფორმაციას, რაზე დაყრდნობითაც ჩამოაყალიბეს ასეთი მოკლე ვადები“, - ამბობენ ჩინურ კომპანიაში.
ამ დროისთვის ტენდერი წინადადებების მიღების სტადიაზე და ის 2 დღეში უნდა დასრულდეს.

























