მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩინური კომპანიები ენერგეტიკითა და ინფრასტრუქტურის მშენებლობით არიან დაინტერესებული"

5c20be88207f4
სალომე მეცხვარიშვილი
24.12.18 16:17
1043
ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საქართველოში ძირითადად ენერგეტიკითა და ინფრასტრუქტურის მშენებლობით არიან დაინტერესებული.

ამის შესახებ ელჩმა bm.ge-ს განუცხადა.

“მოგეხსენებათ, ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის "ერთი სარტყელისა და ერთი გზის" ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ საკმაოდ დიდია ინტერესი და ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრ მსხვილ ტენდერში ჩინური კომპანიები იღებენ მონაწილეობას”,- აცხადებს ელჩი.

მისივე თქმით, ჩინეთი დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული წარმომადგენლობა გაიხსნას ჩინეთში, რათა ბიზნეს კომპანიებს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს.

“არის დაინტერესება რამდენიმე ჩინური კომპანიის მხრიდან, რომ გაიხსნას საქართველოს წარმომადგენლობები და შესაბამისად, ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ საქმიანი ურთიერთობები ჩინელ პარტნიორებთან. ერთ-ერთი ასეთი არის ქალაქ ცინდაოში, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა. იგეგმება 500 კვადრატული მეტრი ფართის უფასოდ გადმოცემა ქართული მხარისთვის და ქართული კომპანიები პირდაპირ კონტაქტზე გავლენ ჩინურ მხარესთან”,- აცხადებს არჩილ კალანდია.

მისივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ამოქმედდა, რომლის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა 10 თვეში 25%-ით არის გაზრდილი.

“მთავარი საექსპორტო პროდუქტი ჩინეთში არის ქართული ღვინო. დღეს ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლია გახსნილი. დაინტერესება არის ბიო პროდუქტებზეც. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციას დიდი პერსპექტივები აქვს ჩინურ ბაზარზე”,- აცხადებს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები