მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინური სამშენებლო კომპანიები ცდილობენ, ყოველმხრივ გამოიყენონ საკუთარი უპირატესობები“ - ელჩი

60b507d3a5338
თამთა ჯიჯავაძე
01.06.21 00:00
1005
ჩინური სამშენებლო კონტრაქტორი კომპანიები ცდილობენ, ყოველმხრივ გამოიყენონ საკუთარი უპირატესობები, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენმა Forbes Georgia-სა და bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ისეთ უპირატესობებზე, როგორიცაა ტექნიკა, მასშტაბი, ღირებულება, სანდოობა, სამუშაოს შესრულება და სხვა.

„საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობენ, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობის ქვეშ არიან და სხვა ქვეყნების კომპანიებთან ერთად სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობენ. ჩინური კომპანიები მკაცრად იცავენ ჩინეთისა და საქართველოს სახელმწიფო კანონებსა და რეგულაციებს, შემოთავაზებული სატენდერო პროექტების ყოვლისმომცველ შეფასებას აკეთებენ და ფასებს ისე ადგენენ“, -განაცხადა ჩინეთის ელჩმა და დასძინა, რომ ჩინეთის ხელისუფლება არასდროს ერევა კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის პროცესსა და მათ სამეწარმეო და კომერციულ საქმიანობაში.

გარდა ამისა, დიპლომატის თქმით, ჩინეთის მონაწილეობით საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები კანონის შესაბამისად ოპერირებენ, სოციალურ პასუხისმგებლობას იღებენ და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურად არიან ჩართულნი.

„თუ სხვა ქვეყნებში ჩინური კომპანიების წარმომადგენლობა გაიზარდა, ეს საბაზრო არჩევანია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის არჩევანია. ამავდროულად, ჩინეთი მსხვილი, მულტინაციონალური კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია, ამიტომ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უფრო მეტ ჩინურ კომპანიას აღიარებენ საზღვარგარეთის ბაზრებზე, ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით კომპანიებს მთელი მსოფლიოდან და მათ შორის, საქართველოდან, მათ სურვილსა და ძალისხმევას, აჰყვნენ ეკონომიკური გლობალიზაციის ტენდენციებს და სრულად აჩვენონ თავიანთი უპირატესობები ჩინეთში ინვესტიციების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ელჩმა Forbes Georgia-სა და bm.ge-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო წლებში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები. საინტერესოა ისიც, რომ 2017-2019 წლებში მზარდი იყო საქართველოში ახალი ჩინური კომპანიების რეგისტრაცია: 2017 – 125, 2018 – 133, 2019 – 178. გამონაკლისი პანდემიური 2020 წელია, როცა მხოლოდ 52 ჩინური საწარმო დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები