ჩინეთის უმსხვილესი სამთო მომპოვებელი კომპანია Zijin Mining Group-ი ფართოვდება. ამ მიზნით, კორპორაცია ყაზახეთში მდებარე რაიგოროდოკის ოქროს საბადოს ყიდულობს, რომლის სანაცვლოდ $1.2 მილიარდის გადახდას განიხილავს.
გარიგება, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, მაგრამ მის შესახებ Zijin Mining-მა ინვესტორებს მოახსენა. თუ ტრანზაქცია შედგა, სამთო მომპოვებელი კორპორაციისთვის ეს ბოლო ექვსი წლის ყველაზე დიდი გარიგება იქნება.
ცენტრალურ აზიაში მდებარე ეს საბადო, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 5,500 კილოგრამ ოქროს მოიპოვებენ, აქტიურ სტატუსს კიდევ თექვსმეტი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი საბადოს შესყიდვით, Zijin Mining-ი იმდენად გაფართოვდება, რომ ყოველწლიურად 100-110 ტონა ოქროს მოპოვებას შეძლებს, ანუ საპროექტო გეგმას შეასრულებს. გარიგების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, Zijin Mining-ის აქციების ფასმა 2.5%-ით იკლო.