ჩინური ნავთობის ინდუსტრიის გიგანტებმა, Sinopec-მა და PetroChina-მ უარი განაცხადეს იმ რუსული ნავთობ-ტრანსპორტიორების მიღებაზე, რომლებსაც ქვეყანაში ნედლი მასალა ზღვის გავლით უნდა შეეტანათ. ეს ის სახელმწიფო კომპანიები არიან, რომლებიც 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე აქტიურად ყიდულობდნენ რუსულ ნავთობს და რომლებზეც ჩინეთის ინდუსტრია მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად ნავთობის საზღვაო გზით იმპორტზე უარი მცირე, კერძო ჩინურმა ნავთობგადამამუშავებლებმაც თქვეს. ბაზრის როგორც მსხვილი, ისე პატარა მოთამაშეები გადაწყვეტილების მიზეზად მეორადი ამერიკული სანქციების საფრთხეს ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების მიერ გადადგმული ნაბიჯი საზღვაო გზით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის 45%-ზე იქონიებს გავლენას და უარყოფითად იმოქმედებს კრემლის ბიუჯეტზე, რომლისთვისაც მოკავშირე ქვეყანაში გაყიდული ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი ჩინეთის მხრიდან უფრო “ნიადაგის მოსინჯვაა”, ვიდრე იმპორტის სრულად შეწყვეტა. ერთი მხრივ, ისინი ცდილობენ ალტერნატიული წყაროების მოძიებას და იმის გარკვევას, რამდენად შეძლებენ Lukoil-ისა და Rosneft-ის მიერ მიწოდებული ფასდაკლებული წიაღისეული საწვავის გარეშე ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მეორე მხრივ, ქმნიან სამართლებრივ საფუძველს იმ სცენარისთვის, თუ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი მათ წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას გადაწყვეტს. საფრთხის გაჩენის შემთხვევაში მათი არგუმენტი იქნება, რომ უკვე დაიწყეს მოქმედება ამერიკული სანქციების აღსასრულებლად და როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება, რუსული ნავთობის იმპორტს სრულადაც შეწყვეტენ.




























