ჩინეთის წამყვანმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანია Shandong Chambroad Petrochemicals-მა, რომელიც წლების განმავლობაში ვენესუელური ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს შემსყიდველად ითვლებოდა, წიაღისეული საწვავის იმპორტი კანადიდან დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, საუბარია კანადურ “ქოლდ ლეიკზე”, რომელიც ალბერტას რეგიონში მოიპოვება და ის ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ ბრენტზე 5 დოლარით იაფად იყიდება.
აღსანიშნავია, რომ ჩინურმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანიამ ალტერნატივების ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შეიპყრო და ქვეყანაზე არაოფიციალური კონტროლი დაამყარა. ოფიციალურ კარაკასს მოუწია, პარტნიორობა ყველა ქვეყანასთან შეეწყვიტა, მათ შორის ჩინეთთან. აქვე უნდა ითქვას, რომ სანქციების დაწესებამდე ვენესუელა ჩინეთს ნავთობს ბარელზე $15 დოლარად სთავაზობდა, რაც საბაზრო ფასზე 4-ჯერ ნაკლებია და განპირობებული იყო უმძიმესი სანქციებით.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ Shandong-ის მიერ არჩევანის კანადურ ნავთობზე შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთში პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის სახელმწიფო ვიზიტი გახდა. როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები არაერთ თემაზე გაიმართა. სავარაუდოა, რომ განხილვის საგანი იყო “ქოლდ ლეიქის” ნავთობის იმპორტის დაწყებაც, რაც ორივე მხარისთვის სასურველი გარიგება იქნებოდა. ერთი მხრივ, ჩინური ნავთობგადამმუშავებლები დივერსიფიცირებას და სანქციებისა თუ ტარიფებისგან თავისუფალ წიაღისეულ საწვავს მიიღებდნენ, მეორე მხრივ კი, კანადა ზესახელმწიფოსთან ვაჭრობას გააღრმავებდა.




























