მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჩიპების აქტის” ფარგლებში Intel-ი აშშ-ის მთავრობისგან $7.8 მილიარდს მიიღებს

ბაიდენი / ინტელი

ჯო ბაიდენი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე რამდენიმე თვე დარჩა, მისი ადმინისტრაციის დროს დაწყებული პროექტების აღსრულებას აგრძელებს. ამჯერად, ჯო ბაიდენმა მისი მმართველობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი — “ჩიპების და მეცნიერების აქტი” გამოიყენა, რომლის ფარგლებში მიკროჩიპების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, ამერიკული Intel-ი $7.8 მილიარდით დააჯოლდოა. ამ მოცულობის პირდაპირი სუბსიდია “ჩიპების” აქტის ფარგლებში ჯერ არც ერთ კომპანიას არ მიუღია და თავად ეს ფაქტი, გარკვეულწილად, გასაგებია, რადგან პირველი მიკროჩიპის შემქმნელი კომპანია, ბოლო დროს, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

აშშ-ის ხელისუფლებისგან მიღებულ ფინანსურ დახმარებას Intel-ი მიკროჩიპების ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად გამოიყენებს. ამერიკული კომპანიის თავდაპირველი გეგმები, მართალია, მეტად ამბიციური და, შეიძლება ითქვას, ნაკლებად რეალისტური იყო, მაგრამ Intel-ის მენეჯმენტი მაინც მნიშვნელოვან ძვრებს აანონსებს. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტთან შეთანხმებული გეგმის თანახმად, Intel-ი არიზონაში, ნიუ-მექსიკოში, ოჰაიოში და ორეგონში მდებარე ქარხნებს გააფართოებს, რითაც ოთხ შტატში 30,000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. როგორც ირკვევა, სამთავრობო დახმარების პირველ $1-მილიარდიან ტრანშს Intel-ი მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღებს.

თავდაპირველი შეთახნებით, აშშ-ის ხელისუფლებას Intel-ისთვის $8.5 მილიარდის ფინანსური დახმარება უნდა გამოეყო, მაგრამ კომპანიისთვის გასაცემი თანხა ორი მიზეზით შემცირდა. პირველი — Intel-ის მიერ სექტემბერში მიღებული კონტრაქტია, რომლის ფარგლებში კომპანია აშშ-ის ხელისუფლებისთვის სამხედრო დანიშნულების მიკროჩიპების შექმნის. მეორე — Intel-ის მიერ შეთანხმებული პირობების დარღვევა გახდა, რადგან პროექტების ნაწილის განხორციელებას ამერიკული კომპანია 2030 წლის შემდეგ გეგმავს. საერთო ჯამში, Intel-ის მენეჯმენტი აშშ-ის ეკონომიკაში $100-მილიარდიან ინვესტიციას აანონსებდა, მაგრამ, როგორც ახლა ხდება ცნობილი, დეკადის ბოლომდე ამერიკული კომპანია მხოლოდ $90 მილიარდის გამოყოფას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში, Intel-ი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ, Intel-ის აქციების ფასმა, მართალია, 25%-ით იმატა, მაგრამ ხუთწლიან პერიოდში, კომპანიის ღირებულება 56%-ით არის შემცირებული. თუმცა Intel-ის პრობლემები ახლა არ დაწყებულა, პირიქით - კომპანია დიდი სტრუქტურული განსაცდელის წინაშე დგას, რომელიც მმართველობით საკითხებს და მიწოდების და წარმოების ჯაჭვების სრულ ჩამოშლას უკავშირდება. ამასთან, დიდია Intel-ის ჩამორჩენა მის კონკურენტებთან, რაც განსაკუთრებით ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით ჩანს, როცა ამერიკულმა გიგანტმა იმდენად დაიგვიანა, რომ მას ფაქტობრივად ყველა კომპანიამ გაუსწრო, განსაკუთრებით ტაივანურმა TSMC-მ და ამერიკულმა AMD-მ. ასე, კომპანიამ კონკურენტული უპირატესობა დაკარგა, რასაც ბაზრის წილის კლებაც მოჰყვა. შედეგად, Intel-მა სამუშაო ძალის 15% დაითხოვა და წინა კვარტალში $16.6-მილიარდიანი ზარალი დააფიქსირა, რაც კომპანიის 56-წლიან ისტორიაში ზარალის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო.

კომპანიის მიერ დაფიქსირებული ცუდი შედეგების ფონზე, Intel-მა კომპანიის დირექტორი, პეტ გელსინგერი დაითხოვა, რომელიც პენსიაზე გავიდა. Intel-ის დირექტორად პეტ გელსინგერი 2021 წელს დაინიშნა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მას ყველაზე რთულ დროს მოუწია. გელსინგერის ნაცვლად, Intel-ის ხელმძღვანელებად ორი მაღალჩინოსანი, დევიდ ზინსნერი და ემჯეი ჯონსტონ ჰოლტჰაუსი დაინიშნნენ, რომლებიც კომპანიას მანამ უხელმძღვანელებენ, სანამ სამეთვალყურეო საბჭო Intel-ისთვის ახალ დირექტორს შეარჩევს. კომპანიაში მიმდინარე გადალაგებას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, ხოლო Intel-ის აქციები ერთ დღეში 5%-ით გაძვირდა.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად იმ დოკუმენტზე, რომლის ფარგლებში Intel-ი სახელმწიფო დახმარებით ისარგებლებს. აშშ-ის სენატის, კონგრესის და პრეზიდენტის მიერ „ჩიპებისა და მეცნიერების აქტის” დამტკიცება 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა იყო, რომლითაც მიკროჩიპების და ნახევარგამტარების შიდა წარმოების გაძლიერებისთვის ათობით მილიარდი დოლარი გამოიყო, როგორც საგადასახადო შეღავათების, ასევე ფინანსური წახალისების მექანიზმების სახით. ეს დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძველი დიდების დაბრუნებას ისახავს მიზნად. როგორც ჯო ბაიდენი იმ დროს ამბობდა, „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ისტორიული საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც შეამცირებს ხარჯებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს მიწოდების ჯაჭვებს.

აღნიშნული აქტით, რომლის ანალოგი, სხვათა შორის, მოგვიანებით, ევროპულმა პარლამენტმაც დაამტკიცა, გრანტებს, სუბსიდიებს და შეღავათიან სესხებს რამდენიმე კორპორაცია მიიღებს. ცოტა ხნის წინ, “ჩიპების აქტის” ფარგლებში TSMC-მ $6.6 მილიარდის გრანტები და $5 მილიარდის შეღავათიანი სესხები მიიღო. ტაივანური კომპანიის გარდა, ამ ჩამონათვალში Samsung-ის $6.4-მილიარდიან გრანტს და Micron-ის $6.1-მილიარდიან გრანტს ვხედავთ. ჯამში, პროექტის ფარგლებში კომპანიები აშშ-ის ეკონომიკაში $450 მილიარდის ინვესტიციებს განახორციელებენ, რითაც ქვეყანაში 125,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს სიამოვნება აშშ-ის ხელისუფლებას $36 მილიარდი დაუჯდება, რომლის უდიდესი ნაწილი, კერძოდ $19 მილიარდი, ხელისუფლებამ კომპანიებს უკვე გადასცა.

კონკრეტულად რა ბედი ელის „ჩიპებისა და მეცნიერების აქტს” აშშ-ის მომავალ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირობებში, ამ დროისთვის, უცნობია. ერთადერთი, რაც ვიცით ისაა, რომ დონალდ ტრამპი ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ მაინც და მაინც დადებითად არ არის განწყობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები