ჯო ბაიდენი “ჩიპების აქტის” ფარგლებში ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გამოყოფილი საგადასახადო შეღავათების შეთანხმებას აგრძელებს. ამჯერად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორი კორპორაცია, კორეული Samsung-ი და ამერიკული Texas Instruments-ი დააჯილდოვა, რომლებიც, ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაში ათობით მილიარდ დოლარს დააბანდებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან $6 მილიარდს მიიღებენ.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გრანტის უდიდეს ნაწილს, კერძოდ $4.75 მილიარდს Samsung-ი მიიღებს, რომელიც ტეხასის შტატში მიკროჩიპების რამდენიმე ახალ ქარხანას ააშენებს და ქალაქ ოსტინში არსებულ ქარხანას გააფართოებს, რისთვისაც, ჯამში, $37 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. თავდაპირველი გეგმით, კორეულ კომპანიას $6.4 მილიარდი უნდა მიეღო, მაგრამ გეგმები Samsung-მა ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით შეამცირა.
კორეულ Samsung-თან ერთად, აშშ-ის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ამერიკულმა Texas Instruments-მა მიიღო. ნახევარგამტარების მწარმოებელი ეს კორპორაცია ასევე ტეხასში არის ბაზირებული, სადაც $18 მილიარდის დაბანდებას გეგმავს, რისთვისაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან “ჩიპების აქტის” ფარგლებში $1.6 მილიარდს მიიღებს. Texas Instruments-ი შედარებით მცირე ზომის მოთამაშეა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $170 მილიარდია. ამგვარად, კომპანია მთავრობისგან ღირებულების 1%-ის ტოლსწორ გრანს მიიღებს.
აღნიშნული აქტით, რომლის ანალოგი, სხვათა შორის, მოგვიანებით, ევროპულმა პარლამენტმაც დაამტკიცა, გრანტებს, სუბსიდიებს და შეღავათიან სესხებს რამდენიმე კორპორაცია მიიღებს. ცოტა ხნის წინ, “ჩიპების აქტის” ფარგლებში TSMC-მ $6.6 მილიარდის გრანტები და $5 მილიარდის შეღავათიანი სესხები მიიღო. ტაივანური კომპანიის გარდა, ამ ჩამონათვალში Intel-ის $7.8-მილიარდიან გრანტს და Micron-ის $6.1-მილიარდიან გრანტს ვხედავთ.
ჯამში, პროექტის ფარგლებში კომპანიები აშშ-ის ეკონომიკაში $450-მილიარდის ინვესტიციებს განახორციელებენ, რითაც ქვეყანაში 125,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნება. ეს სიამობნება აშშ-ის ხელისუფლებას $36 მილიარდი დაუჯდება, რომლის უდიდესი ნაწილი, კერძოდ $19 მილიარდი, ხელისუფლებამ კომპანიებს უკვე გადასცა.
კონკრეტულად რა ბედი ელის „ჩიპებისა და მეცნიერების აქტს” აშშ-ის მომავალ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირობებში, ამ დროისთვის, უცნობია. ერთადერთი, რაც ვიცით ისაა, რომ დონალდ ტრამპი ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ მაინც და მაინც დადებითად არ არის განწყობილი.