მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩიპების აქტის” ფარგლებში TSMC აშშ-ის მთავრობისგან $11.6 მილიარდს მიიღებს

TSMC

მსოფლიოს უდიდესი მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანია, ტაივანური TSMC პირველი კორპორაცია გახდა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან “ჩიპების აქტის” ფარგლებში მისაღები გრანტების და შეღავათიანი სესხების მოცულობა საბოლოოდ შეათანხმა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ტაივანური გიგანტი აშშ-ში სამ დიდ საწარმოს ააშენებს და ეკონომიკაში $65 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს, ხოლო სანაცვლოდ ხელისუფლებისგან $6.6 მილიარდის გრანტებს და $5 მილიარდის შეღავათიან სესხებს მიიღებს. როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში ამბობენ, ინვესტიცია, რომელსაც TSMC აშშ-ის წარმოების სექტორში განახორციელებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება.

ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ის მოსახლეობამ ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს, ორივე პარტიის მხარდაჭერით მიღებული “ჩიპების აქტის” კრიტიკოსია. როგორც დონალდ ტრამპმა ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ცუდია, რადგან ხელისუფლება, მისი თქმით, მდიდარ კომპანიებს დიდი ოდენობით ფულს აძლევს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს იღებს. ასეთივე მიდგომა აქვს დონალდ ტრამპს თავად TSMC-ის და მისი მშობლიური ტაივანის მიმართ, რომელიც, მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ისე ექცევა, როგორც სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ სამხედრო დაცვის სანაცვლოდ ქვეყანა არაფერს იღებს.

თავის დროზე, დონალდ ტრამპის ეს განცხადება ტაივანის მიკროჩიპების წარმოების ბიზნესს უკავშირდებოდა, რომელიც ამ ტერიტორიის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია. როგორც დონალდ ტრამპმა იმ დროს დასძინა, ტაივანმა ამერიკული მიკროჩიპების ბიზნესის 100% მიისაკუთრა, რაც მისი თქმით, დაუშვებელი იყო. ამ მხრივ, დონალდ ტრამპი ნაწილობრივ მართალია, რადგან გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე ტაივანის გამოჩენამდე, მიკროჩიპების უდიდესი მწარმოებელი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, ხოლო თავად ეს პროდუქტი — მიკროჩიპი, საერთოდაც ამერიკულმა Intel-მა შექმნა. დღეს, ტაივანზე მიკროჩიპების გლობალური ბაზრის წილის 66% მოდის, რაც ფაქტობრივად სრულად ერთი კომპანიის, TSMC-ის დამსახურებაა, რომელიც Apple-ისა და NVIDIA-ს მსგავს ამერიკულ კომპანიებს ემსახურება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა მალე იწურება, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი მმართველობის პირობებში მიღებული კანონების დიდი ნაწილი აღასრულოს. აშშ-ის პრეზიდენტები წინამორბედების მიერ მიღებულ კანონებს, როგორც წესი, არ სწყალობენ და გამორიცხული არ არის, ამ ტენდენციას “ჩიპების აქტიც” შეეწიროს. როგორც ჯო ბაიდენის განცხადებაში ვკითხულობთ, TSMC-ის $65-მილიარდიანი ინვესტიციით არიზონაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

“ორი წლის წინ, “ჩიპების და მეცნიერების აქტის” ხელმოწერიდან მალევე, არიზონას ვესტუმრე, რათა TSMC-ის მიერ დადებულ პირობაზე მესაუბრა, რომლის ფარგლებში კომპანია ამერიკაში ფულს დააბანდებდა, ქვეყანაში სამუშაო ადგილებს შექმნიდა და ამერიკულ მიწოდების ჯაჭვებს გაამთელებდა. იმ დღეს ვთქვი, რომ შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც ნახევარგამტარები გამოიგონა და თავის დროზე, მსოფლიოში არსებული ჩიპების 40%-ის წარმოებაზე იყო პასუხისმგებელი, დღეს ბაზრის 10%-იან წილს ფლობდა, თანაც არამძლავრი ჩიპების მიმართულებით. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამ მდგომარეობის შეცვლა გადავწყვიტე და მას შემდეგ, რეალური შედეგი დავდეთ — ქვეყნის ნახევარგამტარების ინდუსტრიაში $450 მილიარდის კერძო ინვესტიცია ჩაიდო, რამაც მშენებლობის და წარმოების სექტორებში 125,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები აშშ-ში დააბრუნა.

შეთანხმება, რომელსაც დღეს TSMC-სთან, ანუ მძლავრი ნახევარგამტარების მსოფლიოს უდიდეს მწარმოებელთან საბოლოოდ მივაღწიეთ, ხელს შეუწყობს, როგორც არიზონაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამი ქარხნისთვის საჭირო $65 მილიარდის ინვესტიციის მობილიზებას, ასევე დეკადის ბოლომდე ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ახალ პროექტში ხორციელდება. TSMC-ის სამი ქარხნიდან ერთი მომდევნო წელს გაიხსნება, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ამერიკის მიწაზე იმ უმძლავრესი ჩიპების წარმოება დაიწყება, რომელთაც ვხვდებით, როგორც სმარტფონებში, ასევე თვითმართვად ავტომობილებში და ხელოვნური ინტელექტის მკვებად დატაცენტრებში”, - ვკითხულობთ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში.

თანხა, რომელსაც ტაივანური კომპანია აშშ-ის ხელისუფლებისგან უკვე დადასტურებულად მიიღებს, TSMC-ის მიერ შტატ არიზონის ქალაქ ფინიქსში სამი ქარხნის აშენებას მოხმარდება. ამ ქარხნებში ინჟინრები 3-ნანომეტრიან არქიტექტურაზე დაფუძნებულ ჩიპებს შექმნიან — ეს ის ჩიპებია, რომელთაც NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის პროცესორებში ვხვდებით. რეალურად, 3-ნანომეტრიანი არქიტექტურა ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიაა, რომელიც, ამ დროისთვის, მიკროჩიპების ბაზარზე არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ NVIDIA-ს ჩიპებზე შეკვეთები რამდენიმე წლით ადრე არის დაჯავშნილი, ამ ტექნოლოგიაზე მოთხოვნა მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

აშშ-ის სენატის, კონგრესის და პრეზიდენტის მიერ „ჩიპებისა და მეცნიერების აქტის” დამტკიცება 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა იყო, რომლითაც მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების შიდა წარმოების გაძლიერებისთვის ათობით მილიარდი დოლარი გამოიყო, როგორც საგადასახადო შეღავათების, ასევე ფინანსური წახალისების მექანიზმების სახით. ეს დოკუმენტი, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძველი დიდების დაბრუნებას ისახავს მიზნად. როგორც ჯო ბაიდენი იმ დროს ამბობდა, „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ისტორიული საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც შეამცირებს ხარჯებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს მიწოდების ჯაჭვებს.

აღნიშნული აქტით, რომლის ანალოგი, მოგვიანებით, ევროპულმა პარლამენტმაც დაამტკიცა, გრანტებს, სუბსიდიებს და შეღავათიან სესხებს რამდენიმე კორპორაცია მიიღებს. ტაივანური TSMC-ის გარდა, ამ ჩამონათვალში Intel-ის $8.5-მილიარდიან გრანტს, Samsung-ის $6.4-მილიარდიან გრანტს და Micron-ის $6.1-მილიარდიან გრანტს ვხედავთ. კონკრეტულად რა ბედი ელის „ჩიპებისა და მეცნიერების აქტს” დონალდ ტრამპის პირობებში, ამ დროისთვის, უცნობია. ერთადერთი, რაც ვიცით ისაა, რომ დონალდ ტრამპი ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ მაინც და მაინც დადებითად არ არის განწყობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები