ჩირისა და პასკების მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა" პარტიზანულ მარკეტინგულ კამპანიას, სახელად "პასკა, პასკა გამოცხვის" იწყებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განუცხადა.
კომპანია ბაზარზე მე-7 წელია ოპერირებს და მომხმარებელს ჩირეულის ნაირსახეობის გარდა, პასკებსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ "ჩირჩხელამ" გასულ წელს მომხმარებელს 1 პასკას 130 ლარად, ხოლო 2 პასკას 290 ლარად სთავაზობდა. სწორედ ამას უწოდებენ პარტიზანულ კამპანიას, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, წელსაც იქნება.
მისი განმარტებით, პარტიზანული მარკეტინგი მიღებული ფორმაა, რომელსაც ყველა დიდი ბრენდი მიმართავს. ეს არის მინიმალური დანახარჯი, თუმცა კამპანიის შედეგად, პროდუქციის ცნობადობა ძალიან იზრდება, რამდენიმე დღეში კი პროდუქციას ფასი დააკლდება და სტანდარტულ ან მასზე ნაკლებ ფასად იყიდება.
"სააღდგომო პასკებისთვის, პარტიზანულ მარკეტინგულ კამპანიას სწორედ ახლა ვიწყებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კამპანიას ყოველ წელს ვაკეთებთ, მომხმარებელს უკვე მოლოდინი აქვს, თუ რა იქნება მომდევნო შეთავაზება. მაგალითად, შარშანაც პასკას, რომელიც 130 ლარი ღირდა, ერთიანი მოვაცილეთ და 30 ლარად გავყიდეთ, რასაც მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ამ ეტაპზე ფასებს არ დავასახელებ და საიდუმლოდ დავტოვებ. კამპანიის ჩაშვება უკვე დაწყებულია და მალე უფრო მეტად გავაქტიურდებით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ ვართ საკონდიტრო კომპანია, დიდ კომპანიებს მაინც საკმაოდ დიდ კონკურენციას ვუწევთ.
ამ კამპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა იყო, რაც ბევრმა ვერ გაიგო, მათ შორის ცნობილმა ადამიანებმაც. თუმცა მომხმარებლების დიდი ნაწილი ამ კამპანიაში ძალიან აგვყვა. გასულ წელს 2 თუ 3, 130-ლარიანი პასკა გავყიდეთ," - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, სააღდგომოდ პროდუქციის ქსელურ მარკეტებში შეტანა არ იგეგმება, რადგან, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, იქ ისედაც დიდი არჩევანი იქნება და მათი პასკა მარკეტში გასაყიდად არ არის. რეალიზაცია ძირითადად ონლაინ გაყიდვების საშუალებით მოხდება, თუმცა მომხმარებელს პასკის შეძენა ადგილზე მისვლითაც, მათივე მაღაზიაში შეეძლება.
ცნობისთვის, „ჩირჩხელა“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის ნაირსახეობასა და პასკების ასორტიმენტს სთავაზობს.