მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირჩხელა" ქართული ჩირის ექსპორტს გეგმავს

ჩირი

მიმდინარე წელს, ქართული ნუგბარის ნაირსახეობისა და პასკების მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ გერმანელ პარტნიორებთან მოლაპარაკების საფუძველზე, სულ მალე მემორანდუმი უნდა გააფორმოს, რომელიც მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოში "ჩირჩხელას" ტექნოლოგიითა და მენეჯმენტით პროდუქციის შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებას გულისხმობს.

„ჩვენი გერმანელი პარტნიორი წესით აპრილის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს, რომელთანაც ბიზნეს კონსოლიდაციას ვაფორმებთ. ეს არის საქართველოში მოქმედი მაღალი სტანდარტის მქონე საწარმო, რომელიც გერმანელების მმართველობაშია და მასში, შეუზღუდავი რაოდენობით ჩირის წარმოებას შევძლებთ, რომელიც გერმანიაში გავა.

საექსპორტო ბაზრების მხრიდან უკვე არაერთი შემოთავაზება გვაქვს. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საწარმო საექსპორტოდ საჭირო რაოდენობის ჩირს ვერ აწარმოებდა, აღნიშნული კონსოლიდაციით დიდ მასშტაბებზე გასვლას შევძლებთ, რომელიც წელს უნდა მოხდეს. საექსპორტო ბაზრების მოთხოვნა ნატურალური ჩირეულია და სწორედ ამის ექსპორტი უნდა განხორციელდეს.

ასევე კონტრაქტების დამზადების ეტაპზე ვართ ისრაელის ბაზართანაც, სადაც წელს, აუცილებლად 20 ტონა ჩირის ექსპორტი უნდა განხორციელდეს,“- აცხადებს კვაჭანტირაძე.

მისივე ინფორმაციით, სეზონზე, როდესაც ხილი უხვად შემოდის, ჩირი დამზადდება, ხოლო ისრაელის ბაზარზე გასვლა ოქტომბერში იგეგმება.

რაც შეეხება ადამიანური რესურსის დამატებას, კომპანიაში ამ დრომდე ძირითადად დაახლოებით 10-14 ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდიდან გამომდინარე, დამატებით კადრების დამატებაც იგეგმება.

კვაჭანტირაძე ასევე გაზრდილ კომუნალურ ტარიფებსა და ნედლეულის ფასზეც საუბრობს, შესაბამისად პროდუქციის ღირებულების ზრდასაც არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, „ჩირჩხელა“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები