მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩირჩხელა"- სტარტაპი, რომელიც ხილთან ერთად ბოსტნეულის ჩირს აწარმოებს

58301cc31f095
BM.GE
19.11.16 13:32
3704
საქართველოში ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა - სახელად "ჩირჩხელა". ქართული ჩირის წარმოება - ეს ის ხაზია, რომელიც ერთი წარმატებული ახალგაზრდის 25 წლის გური სალუქვაძის შთაგონების წყარო გახდა. ეს მისთვის ოჯახური ბიზნესია, არანაირი დაფინანსების ჩარევით, - თემით "საქმიან დილასთან" "ჩირჩხელას" დამფუძნებელი გური სალუქვაძე საუბრობს.

-როგორია თქვენი გემრიელი ბრენდის, "ჩირჩხელას" პირველი ნაბიჯები, განვითარების პირველი ეტაპი?

-„ჩირჩხელა“ ერთი თვეა, რაც დაიბადა. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანი მქონდა, რომ რაღაც შემექმნა, ეს ბავშვობიდანვე მინდოდა. ცოტა მოგვიანებით მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა ეს თუ ქართული იქნებოდა. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი კუთხის დათვალიერება მომიწია და ბევრი ტურისტული ზონა ვნახე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც ძალიან დიდი სიამაყით გამიჩნდა და მომინდა, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩინებაში ჩემი წვლილი შემეტანა არამარტო ტურისტებისათვის, არამედ მე თვითონაც აღფრთოვანებული დავრჩი იმ კუთხეებით, რომლებიც საქართველოში მოვინახულე.

-რომელი კუთხე იყო შენი პირველი ინსპირაცია?

-კახეთი იყო აღმოჩენა, რომლის ყველა კუთხე შემოვიარე და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. აქედან გამიჩნდა სურვილი, რომ რამე ქართული პროდუქცია შემექმნა, თან ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობით ძალიან დაინტერესებული ვიყავი და თავში მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმება მიტრიალებდა. პირველ რიგში, კვლევა ჩავატარე, რათა გამეგო, თუ რა ხდება ამ სფეროში, რა შეიძლება გავაკეთო და სად შეიძლება კონკურენცია გავწიო. ბევრი მესიჯი მესმოდა და ჩირი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელი, სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტია. ჩირი ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომ ვინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს ყველასთის სასარგებლოა. სხვადასხვა ჩირს თავისი დატვირთვა აქვს. ჩირი სასარგებლოა და დელიკატესია.

-რამდენი სახეობის ჩირი გვხვდება ’’ჩირჩხელაში“?

-„ჩირჩხელაში“ თითქმის ყველა სახეობის ხილის ჩირი გვაქვს, როგორც ქართული, ასევე ტროპიკულიც. ქართულიდან გამოვყოფდი შავ ქლიავს, ვაშლს, ლეღვს, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვთ და თითქმის ყველა ჩირი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. იმასაც აღვნიშნავ, რომ შეძენა მიწევს და ძალიან მინდა, რომ მალე ჩემი ნედლეულის მოპოვების საშუალებაც მქონდეს, გამომდინარე იქიდან, რომ „ჩირჩხელას“ მთავარი მახასიათებელი თვისება ნატურალობაა, ჩვენს შემთხვევაში არანაირ დანამატებს არ აქვს ადგილი. ჩემი დიდი სურვილია, უახლოეს მომავალში ნედლეულიც მე თვითონ ვაწარმოო.

-ახლა რა რესურსით აწარმოებთ და რამდენი ადამიანია დასაქმებული?

-ამ ეტაპზე ეს ოჯახური ბიზნესია და სტარტაპი სრულიად ოჯახური რესურსით იყო. ნელ-ნელა უკვე რამდენიმე ადამიანის დახმარება დაგვჭირდა. უახლოეს ერთ თვეში რაც ჩვენ დავამზადეთ, მისი პრეზენტაცია და დეგუსტაციაც შედგა. ეს ყველაფერი დაახლოებით 10 ადამიანის რესურსით მოხდა. შესაძლოა, ერთგვარი სიახლეც იყოს ეს, რომ გარდა ხილისა, ჩვენ მომხმარებელს ბოსტნეულის ჩირსაც ვთავაზობთ. ეს სხვებისგან ჩვენი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშაა. კვლევასთან ერთად მე ძალიან ბევრ სტატიას გავეცანი, ბევრი მასტერკლასი გავიარე პროფესიონალებთან. ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხე, რომ თურმე ჩირი განსხვავებით ბევრი ხილისგან უფრო მეტ დადებით ნივთიერებას შეიცავს, რადგან როდესაც ხილი იკრიფება, მას შემდეგ საწყობში ანაწილებენ, საწყობიდან დახლზე მიდის და დროის გსავლასთან ერთად, ნაყოფი თანდათან კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს, ხოლო ჩირის შემთხვევაში, როდესაც მას ახალ დაკრეფილს ვაქცევთ ჩირად, ის თავის დადებით მხარეს სრულად ინარჩუნებს.

-არის თუ არა დღეს კონკურენცია ჩირის წარმოებაში?

-რა თქმა უნდა, არის. საქართველოში ჩირი მზადდება, რომლებიც ბაზრებში იყიდება. ასევე, კომპანიები ამზადებენ ჩირს, თუმცა, ჩვენი განმასხვავებელია, როგორც ბრენდის სახელი, შეფუთვები, ასორტი, შეთავაზებები, მიწოდება. ჩვენ პროდუქტის წარმოებაში კრიატიული თვისბებიც ჩავდეთ.

-როგორც თქვენ აღნიშნავთ, არასტანდარტული მარკეტინგის მომხრე ხართ...

-სიმართლე გითხრათ ამ ერთ თვეში, საწყის ეტაპზე ამხელა გამოხმაურებას არ ველოდით. ეს მოტივაციაა ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ. „ჩირჩხელა“ მოიწონა მომხმარებელმა. მერე გაჩნდა ’’ბუ“. ბუ ზოგადად კარგი ფრინველია, თავისთვის არის წყნარად, მშვიდად, ბევრს არ საუბრობს, თავს ატრიალებს და სიტუაციას აკონტროლებს და საჭირო დროს საჭირო ქმედებას ახორციელებს. ხასიათით მეც ღამის ადამიანი ვარ და ჩვენი სიმბოლო გახდა. თეთრი პოლარული “ბუ” ჩირის წარმოებაში უამრავ კრეატიულ ტექნოლოგიებს სთავზობს მომხმარებელს. ეს დიზაინერის კარგი გადაწყვეტილება იყო. სახელთან და ლოგოსთან ერთად მერე ფერების არჩევის იდეა წამოვიდა და რაც თავში პირველი მოგვივიდა, ეს ნატურალობასთან ახლოს, ბუნებრიობასთან ასოცირებული ფერი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, შევარჩიეთ მწვანე ფერი, ამით ახალი არაფერი გვითქვამს. თითქმის ყველა კომპანია, ვინც ქართულ პროდუქციას აწარმოებს ხის ფერთან, ან ყავისფერთან აკეთებს ასოცირებას და სულ მაინტერესებდა რატომ. რატომღაც ეს ჩამოყალიბდა, რომ ღვინო ხეში უნდა იყოს, ან ყავისფერში, ასევეა ჩურჩხელაც. ჩვენ რატომღაც არასტანდარტული ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში ადგილიც შერჩეულია და ექსკლუზიურად ვიტყვი, რომ აბაშიძის 33-ში გვექნება მაღაზია, სადაც ჩვენს მომხმარებელს შეეძლება მოვიდეს დააგემოვნოს და დატკბეს ჩვენი პროდუქციით, თუ არ მოეწონება არ შეიძენს, რა თქმა უნდა და თუ მოეწონება ალბათ შეიძენს. ჩვენს მაღაზიას ერქმევა „ბუ-წიკი“ .

-ანუ წიკად ქცეული ჩირის სიყვარული?

-დიახ, ჩვენ გვინდა, რომ გარდა იმისა, რასაც ვაწარმოებთ მარკეტინგზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ძლიერი მიმართულებაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ კუთხითაც განვვითარდეთ.

-რა პროფესიის ბრძანდებით?

-მაგისტრი ვარ, თეატრალურში ტელემედიის განხრით ვსწავლობ. ბაკალავრიატი დავამთავრე კომპიუტერული მეცნიერებები და ბაკალავრიის კუთხით პროგრამისტი ვარ, თუმცა, ვიტყვი, რომ დედაჩემი ქართულ ბაზარზე მარკეტინგის სეფროს წარმომადგენელია და ჩემს აღზრდასთან ერთად ბავშვობიდანვე შთაგონებაში მინერგავდა, რომ ეს ძალიან საინტარესო მიმართულებაა.

-აღნიშნულ ბიზნესში ოჯახის წევრებიდან კიდევ ვინ არის ჩართული?

-სრული სემადგენლობით ვართ ჩართული დედ-მამა, მე და ჩემი და, რადგნა ჩვენს ოჯახში არა მარტო ჩვენი ბრენდის სახელი და სლოგანები დაიბადა, არამედ დედაჩემის დამსახურებით ისეთი სლოგანები და ბრენდების სახელები გაჩბდა, რომლებიც ქართულ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობენ. ყველა ოჯახის წევრი განსხვავებული, ინდივიდუალური ვართ და როდესაც ასეთ საკითხებზე ვმსჯელობთ მეზობლებთანაც გადის ხოლმე ხმები, პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობს. გამომდინარე ჩვენი გეგმებიდან, მიზნებიდან და შემართებიდან თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, ეს არა მხოლოდ საოჯახო ბიზნესი იქნება, არამედ დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი ადამიანი გავხდები, ვინც სხვებსაც მისცემს დასაქმების შესაძლებლობას.

-თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს გადაცემას, რადგან ’’ჩირჩხელას“ დაუდგა გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს მაგალითი იქნება, რომლებიც ქართული წარმოების ხელშეწყობაში თავის წვლილს შეიტანენ. ჩემი დიდი სურვილია სახელმწიფო გრანტებში მონაწილეობა და იმედი მაქვს, რომ უკვე იქ სახელმწიფო ნედლეულის მოპოვებაში, საწარმოს გაფართოებაში დაეხმარება. ექსპორტი, რა თქმა უნდა არის ჩვენს გეგმებში, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის. პირადად მე მინდა, რომ ჯერ ქართველმა მომხმარებელმა, ქართველებმა დააფასონ ქართული პროდუქტი. ჯერ საქართველოს ბაზარი უნდა ავითვისოთ მაქსიმალურად და შემდეგ უკვე ექსპორტზე ვიფიქრებთ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები