მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირჩხელა" სასტუმრო ბიზნესში შესვლას გეგმავს

5bebda0cedd4a
მაია ბიწაძე
14.11.18 12:16
1727
კომპანია "ჩირჩხელა“ გურიაში, სოფელ ლიხაურში საოჯახო სასტუმროს მოწყობას გეგმავს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ განუცხადა. სასტუმროს მამაპაპისეულ გურულ ოდაში მოაწყობენ, ის გაზაფხულიდან ამოქმედდება და 20 სტუმრის ერთდროულად მიღებას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ კომპანია ამჟამად სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის ჩირს, ჩურჩხელას და ტკბილეულს ამზადებს და საკუთარ საფირმო კაფე-მაღაზიაში ყიდის, რომელიც თბილისში ტურისტულ უბანში მდებარეობს.

“ჩვენი საწარმო ამჟამად გურიაშია, ჩემს მშობლიურ სოფელ ლიხაურში, ეს ექვთიმე თაყაიშვილის სოფელია, სადაც მისი მუზეუმიცაა. აქვე გვაქვს საოჯახო ოდა, სადაც ვაპირებ ე.წ გესთ ჰაუზის მოწყობას. ჩემი გვარი - სალუქვაძე ამ სოფლიდან მოდის, ეს არის ჩემი წინაპრების სახლი, რომელიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. ტურისტისთვის ის სიძველე უფრო საინტერესოა, რაც ნამდვილია, ვიდრე ხელოვნურად შექმნილი სიძველეები, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ მასშტაბურ რეკონსტრუქციას, რომელიც ამ სახლს თავის ძველ იერსახეს დაუკარგავს, ვგეგმავთ მინიმალური საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების შექმნას“ - განაცხადა გური სალუქვაძემ.

მისივე განმარტებით, აპირებენ სტუმრებს გურია გააცნონ, მისი ტრადიციული კერძებით, ფოკლორით, იმ უძველესი ძეგლებით და ბუნებით, რაც ამ მხარეს უხვად აქვს.

“ეს იქნება პატარა სასტუმრო, რომელშიც ერთდროულად 15-დან 20-მდე სტუმრის მიღებას შევძლებთ, მათ გურული კერძებით გავუმასპინძლდებით, დაგეგმილი გვაქვს ასევე სამდღიანი ტურების შეთავაზება, რაშიც შევა მოგზაურობა გურიაში. ჩვენი მიზანია ზღვისა და მთის სინთეზი, გურია ამით არის უნიკაულური, შეგვიძლია სტუმარი დილით წავიყვანოთ მაგალითად ურეკში ზღვის პლიაჟზე და საღამოს საათნახევრის სავალზე, გომის მთაზე ავიყვანოთ, რომელიც 2 ათას მეტრ სიმაღლეზეა და ღრუბლებს გადმოჰყურებს.

გვინდა აგროტურიზმის მიმართულების განვითარებაც, ტურისტებს შეეძლებათ თავად დაამუშაონ მიწა, დათესონ და ა.შ. ანუ, სასტუმროს, ტურებს, გურულ ფოლკლორს, სამზარეულოს, აგროტურიზმს და სხვა სერვისებს ერთიან პაკეტში შევთავაზებთ მათ“ - აცხადებს გური სალუქვაძე. მისივე თქმით, სასტუმრო ,,ჩირჩხელას“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები