კომპანია "ჩირჩხელა" ტურისტებს საქართველოს მასშტაბით ტურებს შესთავაზებს, - ამის შესახებ "ჩირჩხელას" დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ BM.GE-ის განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას ჩირის მიმართულება კვლავ ათვისებული აქვს, თუმცა "ჩირჩხელას" ორი ახალი მიმართულებაც დაემატა, რომელიც ტურიზმს დაუკავშირდა. ერთ-ერთია კაფე-მაღაზია, სადაც მისულ ტურისტებს საქართველოს ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება აქვთ.
ამასთან, როგორც სალუქვაძე ამბობს, ტურიზმის მიმართულება ტურისტებისთვის სხვადასხვა ტურების დაგეგმვას გულისმოხბს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩირი გადაგზავნილია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და უკრაინაში.
„ჩირის წარმოება რა თქმა უნდა, არ გაგვიჩერებია. უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებები დავამატეთ. ერთ-ერთია ტურიზმის მიმართულება. ამ მიმართულების ათვისების საშუალება ჩვენი მაღაზიის ლოკაციამაც მოგვცა.
ეს არის კაფე მაღაზია, სადაც ჩვენი პროდუქციის გარდა ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ქართული პროდუქტები შეიძინონ და ასევე სხვადასხვა ქართული კერძიც დააგემოვნონ. სულ მალე დავიწყებთ ტურისტებისთვის საქართველოს მასშტაბით ტურების დაგეგმვასაც.”-აცხადებს “ჩირჩხელას” დამფუძნებელი გური სალუქვაძე.

























