შპს ,,ჩირიფრუტის“ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 60 ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, სოფიო ჯიქიამ განუცხადა. კომპანია მან დებთან და დედასთან ერთად 2014 წელს დააფუძნა. საწარმოში, რომელიც თბილისში მდებარეობს, წელიწადში 5-6 ტონა 20 მდე სახეობის ქართულ ტკბილეულს აწარმოებენ. ეს არის ჩირები, ტყლაპები, ცუკატები და კანფეტები, რომელიც შოკოლადში ამოვლებული სხვადასხვა ჩირისგან კეთდება. ,,ჩირიფრუტის“ პროდუქცია დუტიფრის ქსელში, ასევე ,,გალერია თბილისში“ და ლესელიძეზე მდებარე ტურისტულ ობიექტებში იყიდება. როგორც სოფიო ჯიქია აცხადებს, ამზადებენ სასაჩუქრე შეფუთვებსაც, რომელსაც ძირითადად სასტუმროები და სხვადასხვა კომპანიები უკვეთავენ. კილოგრამი პროდუქციის ფასი 30 ლარიდან იწყება.
,,ჩვენი წარმატების საიდუმლო ის, არის რომ მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის გემოვნებას და იმ პროდუქციას ვამზადებთ, რაც მათ მოსწონთ და ყველაზე გაყიდვადია. ეს მიდგომა რეალიზაციას სწრაფად ზრდის, იმას კი რაც ჩვენ მოგვწონს ჩვენთვის ვაკეთებთ. ყველა სახის ხილს ვიყენებთ, როგორც ადგილობრივს, ასევეს იმპორტირებულს. გვაქვს მოთხოვნა თურქეთის „დუტიფრიდან“, ხელშეკრულებაც კი გადმოგვიგზავნეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია, რადგან შესაბამისი რაოდენობის და სტანდარტის პროდუქციის წარმოებას გაცილებით დიდი საწარმო სჭირდება, მაგრამ სამომავლოდ ექსპორტზე აუცილებლად ვიფიქრებთ“ - განაცხადა სოფიო ჯიქიამ.
როგორც სოფიო აცხადებს, კომპანიის სტრატეგიაა ,,ჩირიფრუტის“ პროდუქცია ყველა დიდ სავაჭრო ცენტრში იყოს წარმოდგენილი, შესაბამისად ამჟამად მოლაპარაკებებს ,,თბილისი მოლთან“ აწარმოებენ, სადაც სურთ ე.წ ,,სავაჭრო კუნძულის“ მოწყობა, ასეთივე სავაჭრო წერტილის მოწყობა ,,სითი მოლშიც“ იგეგმება.

























