კომპანია "ჩირინა", რომლის მთავარი მიმართულება ქათმის ხორცპროდუქტების დამზადებაა, წარმოების გასაფართოებლად 35-40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძე გადაცემაში "Forbes კვირა" საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ინვესტიცია წარმოებას 35-40%–ით გაზრდის. ხორცის ახალი გადამამუშავებელი საწარმოს სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.
გარდა ამისა, კომპანიას აზერბაიჯანულ ბაზარზეც აქვს გეგმები.
"რაც შეეხება აზერბაიჯანს, წელს ალბათ გავხსნით სადისტრიბუციო კომპანიას და როდესაც გავიგებთ, როგორია ბაზარი, შემდეგ დავიწყებთ წარმოებაზე ფიქრს", – აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.
ცნობისთვის: კომპანია "ჩირინა" 2010 წელს დაარსდა. მისი წარმოებული ქათმის ხორცპროდუქტები "ბიუ–ბიუს" ბრენდის სახელით იყიდება.

























