კომპანია ,,ჩირინა“ წელს ხილის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს. გასულ წელს კომპანიამ ,,პომონოს“ ბრენდით 600 ტონა ვაშლისა და მსხლის მოსავალი მიიღო, რომლის 50% ადგილობრივ ბაზარზე, მეორე ნახევარი კი რუსეთში გაყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა , რევაზ ვაშაკიძემ Bm.ge-ს განუცხადა, წელს 1000 ტონა ხილს ელიან, რომლს ნახევარიც ისევ ექსპორტზე გაიყიდება. სამომავლოდ კი, როდესაც ხილის მოსავალი 1500 ტონამდე გაიზრდება, ექსპორტს გერმანიაში და ისრაელში დაიწყებენ.
,, ყოველწლიურად იზრდება ჩვენი მოსავალი, რადგან ხილის ბაღები მხოლოდ მეოთხე წელია რაც გავაშენეთ, გასულ სეზონზე 500-600 ტონა ხილი მოგვივიდა, წელს 1000 ტონას მივიღებთ, ოთხ-ხუთ წელში კი ჩვენი ბაღები მაქსიმალურ მსხმოიარობას მიაღწევს და სეზონზე 2 500 ტონა ხილს მივიღებთ. სამომავლოდ ვგეგმავთ ხილი ისრაელში და გერმანიაში, ყველაზე მსხილ იმპორტიორებს მივაწოდოთ.
გარდა ბაღებისა, გვაქვს ხილის დახარისებისა და შენახვის კომპლექსი. გვაქვს თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა, რომელიც ჰოლანდიური კომპანია GEERLOFS-სგან შევიძინეთ. ის აღჭურვილია ე.წ ულო (Ultra low oxsygen) მაცივრების კამერებით, რომელთა ტევადობაც ჯამში 1600 ტონაა. ეს ტექნოლოგია დაფუძნებულია რეზერვუარიდან ჟანგბადის გამოტუმბვის მეთოდზე, რაც საშუალებას გვაძლევს ხილი 10 თვის განმავლობაში სრულყოფილად შევინახოთ“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
,,ჩირინას“ ხილის ბაღები მარტყოფში, 40 ჰექტარზე მდებარეობს, სადაც ათი ჯიშის ვაშლი და ორი ჯიშის მხალი მოჰყავთ. ხეხილის ნერგები ჰოლანდიიდან და გერმანიიდან შემოიტანეს. ბაღები წვეთოვანი საირიგაციო და სეტყვისგან დამცავი სისტემებით არის უზრუნველყოფილი. სეტყვისგან დამცავი სპეციალური ბადეები ხეხილს, მზის ჭარბი სიმხურვალისგანაც იცავს. აღნიშნული სისტემა გერმანიაში, სამეცნიერო გუნდმა, სპეციალურად ,,პომონოს“ კუთვნილი ბაღებისთვის, ნაკვეთის მიკროკლიმატური მონაცემების საფუძველზე შეიმუშავა.

























