ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია "ჩირინამ", რომელსაც მომხმარებელი "ბიუ ბიუს" ბრენდის სახით იცნობს, ჰალალის კვების მენეჯმენტის სისტემით გათვალისწინებული პროცედურები გაიარა და მიიღო ჰალალის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის პროდუქტები და წარმოება სრულად შეესაბამება ისლამური კვების წესებს.
სერტიფიკატში აღნიშნულია, რომ "ჩირინა" სრულად აკმაყოფილებს ISO 9001:2015-QMS-ითა (ხარისხის მართვის სისტემა) და OIC/SMIIC 1:2019-ით დადგენილ სტანდარტებს, წარმოების სრულ ხაზში.
როგორც "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, ჰალალის სერტიფიკატი კომპანიას საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს.
"ამ სტანდარტით მუშაობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ჩვენთან, მაგალითად, KFC ან McDonalds-ი და სხვა ორგანიზაციებია, რომლებსაც თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი პროდუქცია მივაწოდოთ.
ჰალალი, ძირითადად, მუსლიმ მოსახლეობაზე ვრცელდება და ჩვენ ეს საერთაშორისო სერტიფიკატი საშუალებას გვაძლევს, პროდუქცია გავყიდოთ მუსლიმურ ქვეყნებში, მათ შორის უფრო აქტიურად აზერბაიჯანშიც, სადაც ისედაც ვიყავით შესული, თუმცა აღნიშნულ სერტიფიკატს მაინც ითხოვდნენ", - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.
დამფუძნებლის თქმით, სერტიფიკატის მიღება მრავალეტაპიან შემოწმებას საჭიროებდა, თუმცა კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად შესასვლელად, ის აუცილებელი წინაპირობაა.
"სერტიფიკატის აღება მარტივი არ არის. აქ ბევრი პირობა დავაკმაყოფილეთ ჩვენ, მათ შორის შეგვამოწმეს იმაზეც, რომ ჩვენი პროდუქციის მცირე ნაწილშიც კი არ ყოფილიყო ღორის დნმ-ი. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო... მაგრამ, თუ კომპანიას პრეტენზია აქვს, რომ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები, სერტიფიკატებიც აუცილებელია. საერთაშორისო ორგანიზაციები სხვანაირად მათთან თანამშრომლობის საშუალებას არ მოგცემენ", - განმარტავს "ჩირინას" დამფუძნებელი.




























