მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჭიტაში“ გაყიდვები 15%-ით გაიზარდა - კომპანია 2022 წელს აფასებს

63ad81ab1dc99
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.22 16:15
946
სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ გაყიდვები 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კომპანიამ ქსელი გააფართოვა და ბაგებსა და ჰუალინგის სავაჭრო სივრცეში დამატებით 2 ფილიალი გახსნა.

ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამარ წითელაშვილმა BM.GE-სთან 2022 წლის შეჯამებისას აღნიშნა. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში „ჭიტას“ განვითარება- გაფართოებისთვის ჯამში, 350 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„მიმდინარე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი, რაც გამოწვეულია კომპანიის მიერ განხორციელებული შიდა ინვესტიციებითა და ფილიალების დამატებით.

2022 წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ 2 ახალი ფილიალი (ბაგებში (წყნეთის გზატკეცილზე) და სავაჭრო ცენტრი ჰუალინგის სივრცეში) დაამატა.

ჩვენი ინვესტიცია ახალი ფილიალების მოწყობისთვის, სხვა ფილიალების გაუმჯობესებისთვის და ზოგადად კომპანიის ინვენტარის/ძირითადი საშუალებებისა და კადრების გადამზადებისთვის 2022 წლის მანძილზე 350 000 ლარს შეადგენს. დასაქმებულთა რაოდენობა კი 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საშუალოდ 20 ადამიანით გაიზარდა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

თამარ წითელაშვილი წელს სათამაშოების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბაზარზე, წინა წლებთან მიმართებაში მოთხოვნა ფაქტობრივად არ შეცვლილა, ჩვენი კომპანიის ბრუნვის ზრდა განხორციელებული შიდა ინვესტიციების და ქსელის გაფართოებითაა გამოწვეული.

„აღნიშნული ზრდის დამუხრუჭება გამოწვეულია წინა წლებში არსებული მსოფლიო პანდემიისა და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, აღნიშნული ვითარება მკვეთრად აისახა მოთხოვნის შემცირებასა და კომპანიის ეკონომიკურ ზრდაზე, რომლის ზემოქმედებაც დღემდე ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და ვითარებაზე ვლინდება. რაც შეეხება პროდუქციის სპეციფიკასთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ბავშვების უმეტესობაში თანამედროვე გაჯეტები ძალიან დიდ როლს თამაშობენ, მათი მოთხოვნა სათამაშოებისადმიც ბევრად უფრო თანამედროვე და ინოვაციურია, ვიდრე ადრე, რაც ალბათ მთავარი ფაქტორია ზემოაღნიშნული ცვლილებებისა“, - აღნიშნა თამარ წინელაშვილმა.

„ჭიტაში“ სამომავლო გეგმებზე საუბროსას ამბობენ, რომ კომპანია მუდმივად მუდმივ ზრდასა და გაფართოებაზეა ორიენტირებული, რაც ინვესტიციების განხორციელებით მკვეთრად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

„2023 წლის გეგმა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ ჩვენი ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით საორიენტაციოდ კომპანიის ზრდა/გაფართოება პროცენტულად 20 %-მდე იქნება“, - უთხრა BM.GE-ს „ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები